სამარცხვინო და უპასუხისმგებლო განცხადება – ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის მიერ The New York Times-თან ინტერვიუ.
ზურაბიშვილის თქმით, ხალხის რეაქცია გასაგებია, რადგან მსგავსი განცხადების მიმართ, ის ბუნებრივად წარმოიშვა.
“ეს არის სირცხვილი საქართველოსთვის, სირცხვილი გორისთვის, სირცხვილი და სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება, მაგრამ, მე როგორც ვიცი, ეს არ არის მისი პირველი ასეთი განცხადება და გასაგები არის ის რეაქცია, რომელიც ბუნებრივად წარმოიშვა ასეთი სამარცხვინო განცხადების მიმართ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით – “როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times-ი წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.
თავად გორის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით თქვა, რომ ცილისწამებაა და რუსეთზე დადებითი არასდროს უთქვამს.
„ეს არის ცილისწამება. მე რუსეთზე დადებითი არაფერი მითქვამს. იმ მომენტში რაც არის აღნიშნული სააკაშვილის ხულიგნები არანაირი მსგავსი არ მიხსენებია. მე ვახსენე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიატოვა ქალაქი. ნაძირალა კაცი, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო, აღმოჩნდა ფაქტობრივად სააკაშვილის და მაგ ნაძირალების ადვოკატი. თუ ჩემი თანაგუნდელები გვერდში დამიდგებიან, რა თქმა უნდა, ვუჩივლებ“, – აღნიშნავს დავით რაზმაძე „ტვ პირველთან“.
