გერმანიამ თვეების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ელჩი პეტერ ფიშერი გაიწვია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, გერმანიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ევროპამ საქართველოს ზურგი აქცია.
„ეს არ არის ევროპის მხრიდან ზურგის შექცევა – ეს არის საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნებიდან გადახვევა. თუმცა, ქართველი ხალხი მაინც ირჩევს ევროპას, ყოველდღე, გამბედაობითა და იმედით“, – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.
