სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რას ითვალისწინებს მისი ინიციატივა რეფერენდუმის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი განმარტავს, რას ითვალისწინებს მისი ინიციატივა რეფერენდუმის შესახებ.
პრეზიდენტის თქმით, მისი განცხადება რეფერენდუმის შესახებ „დაამახინჯეს“.
პრეზიდენტი განმარტავს, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოს გზა, რაც ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი, ხოლო რეფერენდუმი, რომელიც მან იგულისხმა, „ქართული ქარტიის“ ფარგლებში ხელმოწერების შეგროვებას გულისხმობს.
კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი ინიციატივა არის ერთგვარი „წინასაარჩევნო ვარჯიში“ – რეგიონებში სარეფერენდუმო კამპანიის წარმოება, რომ საქართველოს მომავალი წყდება.
“რაც შეეხება რეგიონებში კამპანიას. საჭიროა, რომ “ქართული ქარტია” პარტიებისა და თქვენს მიერ იყოს გატანილი. ამიტომ შემოვიტანე რეფერენდუმის თემა, რომელიც დაამახინჯეს. რეფერენდუმი არ არის რეფერენდუმი, რომ კიდევ ერთხელ კონსტიტუცია გავიმეოროთ. კონსტიტუციამ თქვა და დაადგინა, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოს გზა, ეს ერთხელ და სამუდამოდ მორჩა, დადგენილია!
რეფერენდუმმა კითხვა უნდა დაუსვას და ხელმოწერები მოგროვდეს იმაზე, რომ “ქართული ქარტია” არის სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ევროპული მომავალი – ეს არის ერთგვარი წინასაარჩევნო ვარჯიში, რომ გავიტანოთ სარეფენდუმო კამპანია, რომ რეალურად საქართველოს მომავალი წყდება.
რეგიონებში, ახალგაზრდებში გავიტანოთ, ავუხსნათ რა არის ქარტია. ქარტია ეს არის ის, რაც მიგვიყვანს, დაგვაბრუნებს, სწორედ, იმ ევროპულ გზაზე, რომელიც კონსტიტუციაში გაწერილია. ამას არაფერი არ შეცვლის და არანაირი საფრთხე ამას არასოდეს არ გაუჩნდება. ამიტომ აქ არის თქვენი, ახალგაზრდების ინიციატივა, რომელსაც მერე შეიძლება ხელი შევუწყოთ, პროცედურებში დაგეხმაროთ. თუ ჩათვლით, რომ ეს ვარჯიში – ხელმოწერების მოგროვება რეგონებში, ხალხისთვის “ქართული ქარტიის” ახსნა არის სწორი – წინასარჩევნო პერიოდის მომზადება, მაშინ თქვენ აიღეთ ინიციატივა, დაიწყეთ, საინიციატივო ჯგუფები შექმენით და ჩვენ დაგეხმარებით.
არ შეიძლება, რომ დაყოფილი იყოს, აქეთ ახალგაზრდები, იქით დანარჩენი საზოგადოება. ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის საქმე, რაც გასაკეთებელია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.