საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის და ღირსების გამარჯვებად შეაფასა საფრანგეთის პარლამენტის არჩევნების შედეგი. პირველ ტურში მიღწეული წარმატების და პროგნოზების მიუხედავად, ულტრამემარჯვენეები მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდნენ.
„ბრავო საფრანგეთს“, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის თანახმად, ეს იყო არჩევნები დემოკრატიის, ევროპის და საფრანგეთის ღირსეული გამარჯვებისთვის. ზურაბიშვილის შეფასებით, საფრანგეთის არჩევნების შედეგი გამარჯვება და იმედია ევროპაში ყველასთვის, ვინც წინააღმდეგობას უწევს რუსეთის მცდელობებს.
საფრანგეთის პარლამენტის ვადამდელი არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ულტრამემარჯვენეები, რომელთა ლიდერი მარინ ლე პენი რუსეთის პრეზიდენტ პუტინისადმი დადებითი დამოკიდებულებითაა ცნობილი, 7 ივლისს ჩატარებული მეორე ტურის შედეგად მესამე ადგლზე აღმოჩნდნენ. პირველობა მემარცხენეებმა მოიპოვეს, თუმცა, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი ხმები არცერთ პარტიას არ აქვს.
მეორე ტურის ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტია“, რომელსაც 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში 182 დეპუტატი ეყოლება. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული კოალიცია – 168 მანდატი. მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანებაა“ – 143 მანდატი.
7 ივლისს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, პარლამენტში 45 დეპუტატი ეყოლება რესპუბლიკურ პარტიას. დანარჩენი მანდატები დამოუკიდებელ კანდიდატებს და პატარა პარტიებს შორის განაწილდა. ამომრჩეველთა აქტივობა 66,63% იყო.
მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო მანდატები(289) ვერცერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ვერ მიიღო.
პირველ ადგილზე გასული მემარცხენეების კოალიციის ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა უკვე უარყო ცენტრისტებთან ერთად კოალიციის შექმნის შესაძლებლობა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდა, „ახალ სახალხო ფრონტს“ დაავალოს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება. მაკრონმა ჯერ კიდევ მეორე ტურის წინ გამორიცხა მემარცხენეებთან კოალიცია. კოალიციური მთავრობის პერსპექტივას გამორიცხავენ ულტრამემარჯვენეების ლიდერები მარინ ლე პენი და ჟორდან ბარდელაც.
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2024 წლის ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტებთან ცენტრისტული კოალიციის დამარცხებას მოჰყვა პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილება ეროვნული პარლამენტის დათხოვნის შესახებ.
საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 30 ივნისს ჩატარდა, ყველაზე მეტი ხმა ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატებმა მიიღეს. მეორე ადგილზე იყო მემარცხენეთა ალიანსი „ახალი სახალხო ფრონტი“ და მესამეზე პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული კოალიცია „ერთად”.