ადამიანები ბინებიდან გაყვანას არ თანხმდებიან, იმიტომ რომ ისეთი თანხით უნდათ გაყვანა, რითაც ვერაფერს ვერ იქირავებ ქალაქში – ჩვენთან ამ გამოწვევის გადასაჭრელად არანაირი სისტემა არ არის დანერგილი, – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილი ამ მიმართულებით ევროპაში არსებულ პრაქტიკაზეც წერს.
„ბინებიდან გაყვანა-არ გაყვანის საკითხზე, რომელიც მერიის წარომადგენელს მაღალ ხმაზე აყვირებს, დავამატებდი – ადამიანები არ თანხმდებიან იმიტომ, რომ ისეთი თანხით უნდათ გაყვანა, რითაც ვერაფერს ვერ იქირავებ ქალაქში. ჩვეთან ამ გამოწვევის გადასაჭრელად არანაირი სისტემა არ არის დანერგილი, თორემ იმ ევროპაში, რომელიც აღარ მოგწონთ, არსებობს ერთი მხრივ, სოციალური მშენებლობა (რომელიც რჩება მუნიციპალიტეტის საკუთრება და დაბალ ფასში აქირავებს მერია) და კერძო, თუმცა ყოველივე ახალ აშენებულ კორპუსში კვოტა ბინებისა ეკუთვნის მერიის სოციალურ სამსახურს (რაც არ უნდა მაღალი დონის და ძვირადღირებული იყოს კორპუსი). ეს ბინების ის კვოტაა, რაც ჩვენთან პირად სარგებელში გადადის, რის გამოც თანამდებობის პირებს უჩნდებათ დეკლარაციებში ათი, ოცი თუ მეტი ბინა, პენსიონერი მშობლების ნაჩუქარი!,“ – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.
