“საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო არასდროს ვყოფილვარ… რეალურადაც ისეთი ვარ, როგორი წარმოდგენაც აქვთ, რადგან არაფერს ვთამაშობ – ისეთი ვარ, როგორიც სინამდვილეში” – რას ამბობს ბარბარა სამხარაძე პირადი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ – Marao

“საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო არასდროს ვყოფილვარ… რეალურადაც ისეთი ვარ, როგორი წარმოდგენაც აქვთ, რადგან არაფერს ვთამაშობ – ისეთი ვარ, როგორიც სინამდვილეში” – რას ამბობს ბარბარა სამხარაძე პირადი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ – Marao
ასაკი: 23 წლის.
პროფესია: მომღერალი. ასევე უძღვება საკუთარ მუსიკალურ სტუდიას.
განათლება: ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.
ჰობი: ხატვა.
ცხოვრების დევიზი: “მერე რა?!”
– “მერე რა” ყოველთვის ყველაფერში ძალიან მადგება. გააჩნია, რა დროს იტყვი ადამიანი: მერე რა, რომ ასეა? მერე რა, რომ დღეს ცუდი ამინდი იყო? ხვალ მზე გამოვა… “მერე რას” ყოველთვის უნდა ჰქონდეს გაგრძელება, გამართლება… ყველა თავისებურად აღიქვამს.
– დილით, როცა იღვიძებ, ცხოვრების მოტივაციას რა გაძლევს?
– პირველ რიგში, მახსენდება, რომ ბავშვობაში, ჩემ მიერ მოგებულ სახლში ვარ – ვაუ, რა მაგარია, ყოჩაღ, ბარბარა-მეთქი (იღიმის)! მადლიერების შეგრძნებით ვიღვიძებ.
– შენს ცხოვრებაში ბოლოს მომხდარი სასიამოვნო სიახლე გაგვიზიარე…
– ერთ-ერთი კლინიკიდან გამოვდიოდი. მიმავალმა კურიერმა მოპედი გააჩერა და მითხრა, – ამ წამს შენს სიმღერას ვუსმენდიო. ძალიან გამიხარდა, უბედნიერესი ვიყავი!..
– უსიამოვნო სიახლეც გაგვანდე…
– რკინადეფიციტური ანემია აღმომაჩნდა. ამასთან გასამკლავებლად, ბევრი დრო, ექიმების ჩარევა და მთელი ამბები დამჭირდა.
– როგორ გინდა, რომ წლების მერე, ხალხს დაამახსოვრდე?
– ყოველთვის ასე მიხსენებენ, – უი, ის პუტკუნა, სოფლელი გოგოო… წინათ ეს არ მსიამოვნებდა – ჩემში დისკომფორტს იწვევდა, მაგრამ ახლა მინდა, ყველას ასე ვახსოვდე, რადგან რაღაც განსაკუთრებული გონებაში ყოველთვის ღრმად იბეჭდება და რჩება. თუკი ხალხს ამ “ერთი სოფლელი გოგოთი” მე გავახსენდები, დაე, ვიყო სოფლელი გოგო, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია. ზუსტად იმ სოფლიდან დაიწყონ ჩემი გახსენება…
– ასაკის მატება გაშინებს?
– პირიქით – ჩემთვის ასაკის მატება შესაძლებლობების მატებასთან ასოცირდება, რადგან 16 წლიდან მოყოლებული, ყველა მეუბნებოდა, – ამა თუ იმ საქმის გასაკეთებლად ასაკი გჭირდებაო.
– ყველაზე უცნაური კომპლიმენტი რა უთქვამთ შენთვის?
– სპარსული კატა მყავდა, რომლის შესახებაც ერთხელ მომწერეს, – ერთმანეთს ემსგავსებითო. ეს მსგავსება საიდან “მოდიოდა”, აზრზე არ ვარ – როგორ შეიძლებოდა, მე და კატა ერთმანეთს დავმსგავსებოდით (იღიმის)?..
– კატას რა ბედი ეწია?
– ისევ მყავს. უბრალოდ, მისმა ბეწვმა ალერგია მომცა. ამიტომ კატა ახლა სოფელშია.
– ოდესმე შენს შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნია?
– არა. საბედნიეროდ, ამ საკითხში რეალისტი ვარ.
– რამ განაპირობა, რომ ყოველთვის ზუსტად იცი, რა შეგიძლია?
– ალბათ იმან, რომ ჩემს თავს ძალიან კარგად ვიცნობ. საერთოდ, სამყაროს აღქმისას რეალისტი ვარ, მაგრამ განსაკუთრებულად – საკუთარი თავის აღქმისას. მაგალითად, ვიღაცამ რომ მომთხოვოს, – მოდი, სირბილში შემეჯიბრეო, ვიცი, ვერ “გავქაჩავ” და არ “გავიწელები” – წამოდი, გაგასწრებ-მეთქი. ვიცი, რა შემიძლია, რა არის ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები. ამ ზღვარს არასოდეს ვკვეთ.
– სიმღერის გარდა, ყველაზე უკეთ რა საქმე გამოგდის?
– მასწავლებლობა. მოსწავლეებს ჩემ მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ.
– როგორ ფიქრობ, შენ შესახებ ხალხს როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად, როგორი ხარ?
– ძალიან სწორი წარმოდგენა აქვს, ვინც ჩემზე დადებითად ფიქრობს. “ჩვენი გოგოთი” მომმართავენ, როცა მხვდებიან, რადგან ოჯახის წევრად აღმიქვამენ. რასაც ვაკვირდები, ჰგონიათ, რომ ჩემთან ყველაფერზე საუბარი შეუძლიათ, თუნდაც – ქუჩაში გავლის დროს, ბევრს თავისი შვილის შესახებ მოუყოლია. ეს ყველაფერი არ მაღიზიანებს, პირიქით – ბავშვობიდან მოყოლებული, დედა სულ მეუბნებოდა, – ხალხის ნუგეში უნდა იყო, მათი საამებელი აკეთოო. ცოტათი ცუდი შეგონებაა, მაგრამ იმ სოციუმში განვითარებისთვის, სადაც ვარ, ვფიქრობ, სასიკეთო და ძალიან სწორი გათვლაა, რომ ჩემთან ურთიერთობისას, ნებისმიერ ადამიანს თავი სახლში, შინაურულ გარემოში ვაგრძნობინო. ამას მართლა ვცდილობ. თუკი გამომდის და ხალხს ამის აღქმა შეუძლია, ვფიქრობ, ამაზე კარგი არაფერია. მოკლედ, რეალურადაც ისეთი ვარ, როგორი წარმოდგენაც აქვთ, რადგან არაფერს ვთამაშობ – ისეთი ვარ, როგორიც სინამდვილეში.
– რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?
– ტელეპორტაციის უნარს, რადგან მგზავრობა ძალიან მღლის. მინდა, სადაც მოვისურვებ, იქ გავჩნდე.
– 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ 1 კერძის ჭამის უფლება რომ გქონდეს, რომელ კერძს აირჩევდი?
– უჰ, ვერაფერს! საერთოდ, ხასიათის მიხედვით ჭამა მიყვარს. 1 თვის განმავლობაში რამე კონკრეტული კერძი რომ ვჭამო, გავგიჟდები. რომ მითხრა, 1 თვე ამა და ამ კერძს შეჭამო, ეგეც კი დამსტრესავს, შეიძლება საჭმელს საერთოდ აღარ გავეკარო. ჩემი რაციონი ყოველთვის განსხვავებული უნდა იყოს. მაგალითად, შანსი არაა, 1 კვირის განმავლობაში, მხოლოდ ხორციანი კერძი მივირთვა: 1 დღეს ბოსტნეულს გეახლებით, მეორე დღეს – ხორციანს და ა. შ. ერთი და იმავე კერძის ჭამა ჩემთვის წამოუდგენელია!
– ბავშვობაში რომელ ცნობილ ადამიანთან შეხვედრა გინდოდა განსაკუთრებულად?
– “ნუცას სკოლაში” ქერათმიანი გოგონა – თათია მონაწილეობდა. სამწუხაროდ, მისი გვარი არ მახსოვს. ძალიან კარგად მღეროდა. მინდოდა, რეალურ ცხოვრებაში გამეცნო… საერთოდ, “ნუცას სკოლის” ყველა მონაწილესთან შეხვედრა მინდოდა…
– ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო ყოფილხარ?
– არასოდეს. საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის საოცრად მიმღებლური ვიყავი.
– შეგიძლია, ყველაზე უცნაური პაემანი გაიხსენო?
– ვერ გავიხსენებ. ყველა პაემანი უცნაურია, რომელიც კარგად არ მთავრდება (იღიმის). სიმართლე ვთქვათ: რა თქმა უნდა, ამაში დამნაშავე მხოლოდ ერთი მხარე არ არის.
– როგორ ფიქრობ, სიყვარული ფსიქიკური აშლილობაა?
– ფსიქიკური აშლილობა არის აკვიატება, რომელიც ზოგს სიყვარული ჰგონია. მაგალითად, დედაჩემი ძალიან რომ მიყვარს, თავს გიჟად საერთოდ არ მივიჩნევ. დედის მიმართ სიყვარულის გრძნობა ადამიანს დაბადებიდან გაქვს. როცა სიყვარულს იძენ, იქ უკვე სხვა რაღაცებია ჩართული, როგორც ჰორმონალური, ისე – ფსიქოლოგიურ-ფსიქიკური. სიყვარულს “ფსიქიკურ აშლილობას” ნამდვილად ვერ დავარქმევ. უბრალოდ, სხვის მიმართ სიყვარული არის გრძნობა, რომელსაც ადრე თუ გვიან, საკუთარ თავში ყველა აღმოაჩენს…
– წარმატებაში ყველაზე მეტად ხასიათის რომელი თვისება გეხმარება?
– ბავშვურობა, სილაღე, რადგან ჩემთვის ჩამჭრელი კითხვა არ არსებობს – ყოველთვის ლაღი, ბავშვური პასუხები მაქვს. მხიარული ვარ, ოღონდ – გამაღიზიანებელი და ცანცარა არა. ყველა ადამიანს თავს უსაფრთხოდ ვაგრძნობინებ – თითქოს თავის სახლშია. ყველასთან მარტივად შევდივარ კომუნიკაციაში, რაც ყოველთვის მეხმარება.