თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიისა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ინიციატივითა და საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს მხარდაჭერით, მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათი ცნობით, მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მიულოცა.
„21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა და ის მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. ამ დღეს განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ ჩვენი ენა – ქართული – ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ენაა, რომელზეც მსოფლიო ლიტერატურის შედევრებია შექმნილი. მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ ჩვენი ენა, როგორც ერის იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობითობის დაცვის უნიკალური საშუალება. საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა და ქართული ენის განვითარებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვით აქ მცხოვრები სხვადასხვა ერების წარმომადგენლებს, რომელთა დაჯილდოება დიდი პატივია ჩემთვის. ვულოცავ ამ დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, მშობლიური ენის დაცვისა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მშობლიური ენის საერთაშორისო დღე თბილისის საკრებულოში განათლების და კულტურის კომისიის მიერ ყოველწლიურად აღინიშნება. საქართველოში მრავალი ეთნოსი ცხოვრობს, რომელთათვის მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, რამდენადაც აღინიშნება ერის იდენტიფიკაციის დღე. ენა არის მთავარი მონაპოვარი ამა თუ იმ ერისა, ის განმსაზღვრელია ერის კულტურის და იდენტობის“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი კახა ჭეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მეცნიერი, პროფესორი თინათინ ბოლქვაძე და პროფესორი, მწერალი სალომე კაპანაძე.
„თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნეს, რომ 1999 წლიდან, იუნესკოს გადაწყვეტილებით, 21 თებერვალს დაწესდა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე, რაც ემსახურება ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას, განვითარებას და წარმოჩენას.
ღონისძიების დასასრულს მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო ინტეგრაციაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ გივი შაჰნაზარი, გურამ ბათიაშვილი, მზია ხეთაგური, ნატალია ტროხიმი, ნაირა მარშანია, ვან ბაიბურთი, ნინო პოპიაშვილი, რაზიათ ქუმარიტოვი, ლარისა ნამთალაშვილი, ევგენია კოტანიდისი, რაფიგ გუმბათოვი, როსტომ ფარეულიძე, მზია კობერიძე, დიმიტრი თეიმურაზიანი და ზაირა დავარაშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები ვლადიმერ ბოჟაძე, ნათია მოდებაძე და მოწვეული სტუმრები “, – ნათქვამია საკრებულოს გავრცელებულ ინფორმაციაში.