თბილისის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის დანიშვნას მხარი დაუჭირა, რომელიც მანამდე საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
როგორც კახა აბულაძემ აღნიშნა, ის საკუთარ გამოცდილებას თბილისელების ინტერესებს მოახმარს.
„მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს გამოცხადებული ნდობისთვის, თბილისის საკრებულოს მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ბევრი მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტებია დაგეგმილი. დედაქალაქი რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ჩემ მიმართ გამოცხადებულ ნდობას და გამოცდილებას მოვახმარ თბილისელების ინტერესებს“, – აღნიშნა აბულაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს სხდომაზე 4 ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრა და საკრებულოს დეპუტატებს „დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა“.
„მინდა დამაჯერებელი გამარჯვება მოგილოცოთ. ეს დაუღალავი შრომის შედეგი იყო, მინდა წარმატება გისურვოთ“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
ამასთან, მან კახა აბულაძეს მერის მოადგილედ დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ კახა აბულაძე ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.
