„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს, პრემიერ-მინისტრობის პოსტს კი ირაკლი კობახიძე დაიკავებს.
ყრილობის შემდეგ „ოცნების“ ლიდერების საერთო გზავნილი იყო, რომ მმართველ პარტიას ასეთი მხარდაჭერა 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ მიზანი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება (მინიმუმ 100 დეპუტატი – რედ.) იქნება.
„წინ გველის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერის ფონზე ვხვდებით. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, რაც გახდება საფუძველი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები რთული იქნება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.
„წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი და რთული არჩევნები. რთული იმ თვალსაზრისით, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა. საჭიროა, მაქსიმალური მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს პარტიას, ამომრჩეველს და ძლიერად მოვიგოთ ეს არჩევნები. ჩვენი ამბიციაა, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი. რა გამოვა, ამას ვნახავთ“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისის მერ კახა კალაძის თქმით, პარტიას უკვე დაწყებული აქვს მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის.
„უამრავი არჩევნები მაქვს ჩატარებული ამ გუნდთან ერთად. ასეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“, 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს. ეს მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელსაც მართლა შეუძლია, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს“, — განაცხადა კალაძემ.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძვით და არა უბრალოდ გამარჯვებისთვის“, — თქვა, თავის მხრივ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.,
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერის პირობებში, თუ მანამდე ხელისუფლება ბარიერის დაწევას არ დასთანხმდა.
საპარლამენტო არჩევნების შედეგი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მომავალი პრეზიდენტის ვინაობას. პრეზიდენტის არჩევნები ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომიდან 45 დღის განმავლობაში გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შევა 300 წევრი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს, ცესკოს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან შესაბამისი პოლიტიკური პარტიები ასახელებენ.