საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ სამი „გამოუსწორებელი ზიანი“ დაასახელა, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ ამოქმედების შედეგად დადგება

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ სამი „გამოუსწორებელი ზიანი“ დაასახელა, რაც მოსარჩელე მხარის აზრით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ ამოქმედების შედეგად დადგება.
ბურჯანაძის თქმით, ერთ-ერთი საფრთხე ორგანიზაციების სტიგმატიზებაა, რაც მათთვის გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს გამოიწვევს, დონორების საქმიანობას კი გაართულებს.
„მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებების კუთხით სადავო ნორმატიული აქტები იწვევს გამოუსწორებელ ზიანს და საფრთხეს და ამ თვალსაზრისით 3 შესაძლო საკითხია: პირველი გამოუსწორებელი საკითხი შეეხება სადავო ნორმების სტიგმატიზებას და სტიგმატიზებიდან მომდინარე ისეთი იარლიყის მიყენებას, რომელიც ორგანიზაციებისთვის იწვევს გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს, რაც ართულებს ადამიანები საქმიანობას; მეორე საკითხი ეხება გამოუსწორებელ ზიანს, რომელმაც შესაძლოა, სიცოცხლის და ჯანმრთელობის და ადამიანების უსაფრთხოების ხელყოფამდე მიგვიყვანოს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთანაა დაკავშირებული.
მესამე საკითხი ეხება კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზაციების მე-15 მუხლით დაცული ვალდებულების შესრულების ხელყოფა და ამ ორგანიზაციების უკან მყოფი პირების უფლებების დარღვევას“,- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
გარდა ამისა, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, დონორებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, კონფიდენციალურად დააფინანსონ ორგანიზაციები.
„ცნებას – უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი, მოწყვეტილად ვერ განვიხილავთ შარშან ინიცირებულ კანონპროექტთან მიმართებით, როდესაც ამ ყველაფერს ერქვა უცხო ქვეყნის აგენტი. ეს იწვევს ადამიანის სტიგმატიზებას, მის შესაძლო დაკავშირებას უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებასთან, შესაძლო ჯაშუშობასთან, ქვეყნის შესაძლო ღალატთან. მნიშვნელოვანია, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდეთ ხალხის ნდობა, ხალხს ჰქონდეს განცდა, რომ როდესაც იქ მიდიან, მიდიან იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვან. როდესაც ორგანიზაციას ერქმევა უცხო ძალის ინტერესების გამტარი, ასეთი სტიგმატიზებული ორგანიზაციის მიმართ ნდობა არ იარსებებს და ეს გამოიწვევს იმას, რომ ორგანიზაციები, ისევე როგორც მედია ორგანიზაციები, იმ ფუნქციას ვერ შეასრულებენ, რაც აქვთ. გარდა ამისა, ეს სტატუსი, დასახელება, შეურაცხმყოფელია. ადამიანები, რომლებიც იცავენ ხალხის ინტერესებს, სჭირდებათ, რომ ჰქონდეთ გარემო, რომელიც შეურაცხმყოფელი არ იქნება. როდესაც ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ მათთვის ხდება ისეთი სტატუსის მინიჭება, თითქოს უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია და უამრავი ორგანიზაცია აპირებს, არ დაირქვას ეს სახელი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზაციების რეგისტრაციის გაუქმება და ჯარიმების დაკისრება, რამაც შეიძლება ისეთი ფინანსური ტვირთი გამოიწვიოს, რომლის გამოსწორება შეუძლებელი იქნება.
გარდა ამისა, იქ, სადაც ასეთი ტიპის კანონები იქნა მიღებული, დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ხალხისთვის სასარგებლო სხვადასხვა ინიციატივას აფინანსებენ, უბრალოდ მიდიან და ტოვებენ ქვეყანას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კეთილ საქმეს აკეთებენ, მაგრამ მათთვის სახელის დარქმევა ხდება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები არიან.
თუ დონორის დაფინანსების გამო ორგანიზაციას ასეთი სტიგმატიზებულის სახელი ერქმევა და თუ ორგანიზაცია უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარია, დონორიც გამოდის. ს მაგალითი რომ ავიღოთ, ხალხის სასიკეთოდ მოქმედი ორგანიზაციები ტოვებენ ქვეყანას. სტიგმატიზაცია იწვევს იმას, რომ საბოლოოდ, დონორსაც აღარ უჩნდება მხარდაჭერის სურვილი“,- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”