საკონსტიტუციო სასამართლოში, მერაბ ტურავასა და ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვა მიმდინარეობს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავასა და მოსარჩელე, ს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კერძოდ, შელაპარაკება მოჰყვა ტურავას შენიშვნას მედიასთან ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან მოპასუხე მხარე, პარლამენტის წარმომადგენლები ბავშვებად მოიხსენია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ბესელიას ეს კომენტარი დისკრიმინაციად შეაფასა და მოუწოდა პროცესში მონაწილეებს ერთმანეთის მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამები არ გამოიყენონ. მისივე თქმით, ეს სასამართლოს შეურაცხყოფაა.
პასუხად ბესელიამ ტურავა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა და უთხრა, რომ მედიასთან გაკეთებული განცხადებების რევიზია, მის მანდატში არაა.
„პროცესის არცერთ მონაწილეს არ აქვს უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში პროცესის სხვა მონაწილის მიმართ დისკრიმინაცია, თუნდაც ასაკის გამო, გამოხატოს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ქალბატონო ეკა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს წარმოადგენთ და პროცესის მონაწილეებზე ამბობთ, ბავშვებთან როგორ შეიძლება პოლემიკაში შესვლაო, ეს არის დისკრიმინაცია ასაკის გამო, გთხოვთ ამისგან თავის შეიკავოთ თქვენც და ყველამ. სასამართლოს შენობაში დისკრიმინაცია ასაკის გამო პროცესის მონაწილეებს შორის ჩვენთან დაუშვებელი, მიუღებელი სტანდარტია“,- განაცხადა მერაბ ტურავამ.
ბესელიამ კი აღნიშნა, რომ სიტყვა „ბავშვი“ დისკრიმინაციული არაა.
„ბატონო მერაბ, მედიასთან რა განცხადებას ვაკეთებ, ამის რევიზიას აკეთებთ? ეს არ არის თქვენი მანდატი. „ბავშვები“ არაჩვეულებრივი სიტყვაა. მე ბავშვები მიყვარს. თქვენი მანდატი არაა და ჩემს გამოხატვის თავისუფლებაში ნუ ერევით.რას ვიტყვი მედიასთან, ეს თქვენი განსახილველი არაა. დაიცავით კონსტიტუცია, ამისთვის ხართ აქ. ამისთვის მოგეცით ხმა თავის დროზე. ბავშვი არ არის დისკრიმინაცია, ბავშვი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი სიტყვა. გუშინ არ იყავით აზრის პოლიცია, როდესაც დარბაზში არასწორი პროცესი მიგყავდათ. არ არის ეს დისკრიმინაციული, ეს არის შეფასება, ვინ უნდა წარმოადგენდეს პარლამენტს ასეთი სიმძიმის კანონთან დაკავშირებით. როდესაც ამ საკითხზე არ იღებს პასუხისმგებლობას ის, ვინც გადაწყვეტილება მიიღო და ასეთ სიმძიმეს აკისრებს იმათ, ვინც არაფერ შუაშია – ამაზეა საუბარი“,- განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს ეკა ბესელიამ მედიასთან საუბრისას მოპასუხე მხარეს, პარლამენტის წარმომადგენლებს ბავშვები უწოდა.
„ბევრი ისეთი მძიმე კითხვაა, რომელზეც პასუხი არ აქვთ. ნახეთ, ვინ გამოუშვა პარლამენტმა, ვის შეაჩეჩა? ბავშვებთან როგორ შეიძლება პოლემიკაში შესვლა?“- განაცხადა ბესელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ