საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. აგენტების კანონის მოქმედება არ შეაჩერა – სარჩელები ნაწილობრივ განსახილველად მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა „აგენტების კანონის“ მოქმედების შეჩერებაზე. 4 ოქტომბერს მომზადებულ საოქმო ჩანაწერში, რომელიც დღეს, 9 ოქტომბერს, გამოქვეყნდა, წერია: „არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“.

სასამართლოს ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ „საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე“.

სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო „აგენტების კანონის“ საკითხზე წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების („საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, , და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ნაწილი.
კერძოდ, არღვევს თუ არა „აგენტების კანონი“ კონსტიტუციის შემდეგ მუხლებს:
· ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციას (კონსტიტუციის 78-ე მუხლი);
· პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას (მუხლი 15);
· აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას და ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალებას (მუხლი 17);
· გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს (მუხლი 17);
· გაერთიანების თავისუფლებას (მუხლი 22);
· კანონის გასულ წელზე გავრცელება (მონაცემების შევსება) კონსტიტუციურია თუ არა (მუხლი 31).
სასამართლო ამბობს, რომ საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ 9-თვიან ვადაში. საქმის განხილვა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამ პერიოდში გამოცხადდება. მოსამართლეებს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად შეზღუდული ვადები არ აქვთ.

მასალა განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ