საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე ხსნის, რატომ იქნება ახლა არასწორი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ქეთევან ერემაძის თქმით, არ შეიძლება პარლამენტში შევიდნენ დეპუტატები, რომელთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოებში.
როგორც მან ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების მიღება არასწორი იქნება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებულია პრეზიდენტის სარჩელი ხმის ფარულობის და ს საყოველთაობის პრინციპის დარღვევის არგუმენტით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ. ანალოგიური მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართეს მოქმედი პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც. ჯერ უცნობია, საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს თუ არა სარჩელებს. საქმის არსებითი განხილვის ვადა კი 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
“ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლოებში არჩევნების შემდეგ ათასობით საჩივარი შევიდა, მათ შორის საჩივრები, რომლებიც ფარულობის დარღვევას შეეხებოდა, მაგრამ ერთი მოსამართლის გარდა არცერთ მოსამართლეს არ აღმოაჩნდა საკმარისი პროფესიული ღირსება საიმისოდ, რომ მიეღო ისეთი სწორი გადაწყვეტილება, რომლის თვითმხილველადაც მას მთელი ქვეყანა ჰყავდა. ჩვენ ბიულეტენებზე ვნახეთ შავი ლაქა, რომელიც არის ძალიან მკაფიო ინდიკატორი იმისა, რომ ფარულობის თვალსაზრისით პრობლემა იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიზეზით და არა მხოლოდ, საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის წევრთა ნაწილმა მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს”, – ამბობს ქეთევან ერემაძე.
მისივე განცხადებით, პარლამენტმა თეორიულად მაინც უნდა დაუშვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტისა და პარლამენტარების ნაწილის სარჩელი შეიძლება დააკმაყოფილოს.
“კონსტიტუციის და ზოგადად, კანონმდებლობის მიხედვით, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, არასწორია პარლამენტის შეკრება. ეს იმიტომ, რომ თეორიულად მაინც უნდა დაუშვან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება დააკმაყოფილოს სარჩელი. სარჩელის დაკმაყოფილება არჩევნების შედეგების ბათილობას ნიშნავს, ბათილობა – თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას. ანუ, ჩვენ არჩეული პარლამენტი არ გვყავს. თუკი საქართველოს პარლამენტი შეიკრიბება ისე, რომ არ დაელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მთელი რიგი გადაწყვეტილებები ჰაერში გამოეკიდება. თავად პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-6 პუნქტიც ამბობს, რომ არ შეიძლება პარლამენტში შევიდნენ დეპუტატები, რომელთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოებში. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების მიღება უბრალოდ არასწორი იქნება”, – აღნიშნავს ერემაძე.
ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დალოდებია, „ქართულმა ოცნებამ“ 25 ნოემბერს ჩანიშნა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და თქვა, რომ ამავე სხდომაზე მოხდება პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა, თავმჯდომარის და მოადგილეების არჩევა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.
რეგლამენტის 86-ე მუხლი, რომელზეც კონსტიტუციონალისტი მიუთითებს, ამბობს:
პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება:
· ა) გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში;
· ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.