საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
“არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ“)”, – ნათქვამია გადაწყვეტილების ტექსტში.
გადაწყვეტილება შემდეგი შემადგენლობის პლენუმმა მიიღო: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ ტუღუში.
განსხვავებული აზრი ორმა მოსამართლემ – თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ დააფიქსირეს.
გიორგი კვერენჩხილაძემ განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, რომელიც საზღვარგარეთ ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას ეხებოდა, თეიმურაზ ტუღუშმა კი კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
19 ნოემბერს არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ამავე დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანის თაობაზე ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ყველა ინსტანციაში სცადონ სამართლებივი დავა.
“ხვალ დილას შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. ეს არის არა იმიტომ, რომ მჯერა საკონსტიტუციოსი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარაა დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება მივიღეთ არაერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ”, – თქვა პრეზიდენტმა.