საკმაოდ რთული წელი გველოდება. ქვეყანა ეკონომიკურ იზოლაციაში ყოველდღიურად ეფლობა – გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოს ყოფილი მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, გოგა მელიქიძე მიიჩნევს, რომ 2025 წელი საკმაოდ რთული იქნება. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, ქვეყნის მზარდი ეკონომიკური იზოლაციის ფონზე, ფულადი შემოდინებების შემცირებაა მოსალოდნელი.
„2025 წელი კონკრეტულად რომ შევაფასოთ ჯერ რთულია, რადგან ბუნდოვანება, ასევე ინერცია საკმაოდ მაღალია, თუმცა ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წლის მეოთხე კვარტალი უკვე აღარ გამოიყურება დამაჯერებლად. მთელ რიგ მუხლებში, საიდანაც ვალუტა შემოედინებოდა, არის მნიშვნელოვანი შემცირება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის ერთჯერადი ფაქტორები, რაც იყო ში შეჭრით, მილევის ტენდენციებს განიცდიან.
რაც ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ საკმაოდ რთული წელი გველოდება: ფულის შემოდინებებში გვექნება მაღალი შემცირებები, ინვესტიციები შეიძლება ითქვას, რომ გაქრება, ჰორეკა სექტორს ექნება მნიშვნელოვანი პრობლემები, ტურიზმში დავინახავთ გარკვეულ შემცირებად, მაგრამ რთულია შევაფასოთ, რამდენით შემცირდება, გზავნილებია შემცირებული. ერთი სიტყვით, მარტივი წელი არ გველოდება, თან იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანა ეკონომიკურ იზოლაციაში ყოველდღიურად ეფლობა. ერთი-ორი თვე უფრო მეტ ტენდენციებს გამოაჩენს, მაგრამ 2024 წლის მეოთხე კვარტალი და ეს მიმდინარე დღეები უკვე ბევრი რამის სიგნალია. ამას ყველაზე მტკივნეულად ბიზნესი იგრძნობს. აი მაგალითად, ჰორეკა სექტორში რომ პრობლემებია, ბიზნესი ამას მნიშვნელოვნად გრძნობს, ტრანზაქციები უმცირდება როგორც მოცულობაში, ისე რაოდენობაში. ბიზნესისთვის რთული წელი იქნება“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.
ამასთან, ის ქვეყანაში ინფლაციური ფონის ზრდას ელის, რაც მათ შორის გლობალური ტენდენციებიდან იკვეთება.
„ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციური ფონი გაიზრდება. ცოტა ხნის წინ, რუსულ ნავთობზე სანქციები დაწესდა, ეს მინიმუმ ნავთობს გააძვირებს, რაც შეიძლება გადმოგვეცეს ქვეყანაში და დავინახოთ იმპორტირებული ინფლაცია. ამავდროულად, ლარი გაძვირდება, რადგან კურსზე დაწოლა იქნება, კურსი კი გადაითარგმნება სამომხმარებლო ფასებში, რეზერვების შემცირება გადაითარგმნება ქვეყნის რისკში. მინიმუმ ინფლაციურ ფონს და გაძვირებულ ლარს დავინახავთ და ამას რა თქმა უნდა, ბიზნესი იგრძნობს“,- ამბობს გოგა მელიქიძე.
არსებული ვითარებიდან შესაძლო გამოსავლად გოგა მელიქიძე დეესკალაციას ასახელებს, რაც მისივე შეფასებით, ახალი თ და დაკავებულების გათავისუფლების გზითაა შესაძლებელი.
„აბსოლუტურად ვიზიარებ ყველა იმ განცხადებას, რომ უნდა მოხდეს პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაცია, ანუ არჩევნების თავიდან ჩანიშვნა, დაკავებული ახალგაზრდების რაც შეიძლება სწრაფად გამოშვება და ასევე, ახალი ეკონომიკური რეფორმების ინიცირება, რომ ქვეყანა კვლავ გახდეს რეგიონის ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების პლატფორმა“,- აღნიშნა მელიქიძემ BMG-სთან საუბრისას.