რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ რადიოსადგურებთან (“სპუტნიკი”, “გავარიტ მასკვა” და “კომსომოლსკაია პრავდა”) ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ინიციირებული და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი “უცხოელი აგენტების” შესახებ (ასე მოიხსენიებს ამ კანონპროექტს რუსული მედია და ლავროვი) ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და პოლონეთში მოქმედი კანონმდებლობა.
“საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი აქცია სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად, თუმცა კანონი საკმაოდ ლმობიერია. თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობს კანონები ჯარიმებით და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით. თუ ფულს იღებ და ამის შესახებ არ ამბობ, ამ ფულით რაღაცას არასწორად აკეთებ”, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ “ქართული კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ” მხოლოდ თანხების დეკლარაციის აუცილებლობას მოითხოვს, თუ ორგანიზაცია დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებს.
ლავროვამდე „ქართული ოცნების“ „რუსული კანონი“ დაიცვეს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა და პუტინის იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა, რომელმაც თქვა, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“.
რეალურად იმ კანონის ანალოგი, რომელიც რუსეთში მოქმედებს, არ არსებობს არც აშშ-ში და არც სხვა იმ დემოკრატიულ ქვეყანაში. მაგალითად, ამერიკული FARA-ს მთავარი სამიზნე ლობისტური და საკონსულტაციო კომპანიებია და არა ყველა სახის არასამთავრობო ორგანიზაცია ან მედია, რომელიც გრანტს უცხოეთიდან იღებს. იმისთვის, რომ სუბიექტი აშშ-ში აგენტად რეგისტრაციას დაექვემდებაროს, ნათლად უნდა ჩანდეს მის მიერ სხვა სახელმწიფოს ან უცხო ქვეყანაში არსებული რომელიმე სუბიექტის ინტერესების ლობირება. ამისგან განსხვავებით, რუსულ კანონში უცხოეთიდან მხოლოდ დაფინანსების მიღება უკვე საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ სუბიექტი რეესტრში მოხვდეს. მაგალითად, FARA-ში რეგისტრირებულია რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული „სპუტნიკი” და „რაშა თუდეი”, მაგრამ არ არის რეგისტრირებული სხვა ქვეყნებში დაფუძნებული არაპროპაგანდისტული მედიასაშუალებები, როგორიცაა BBC, გარდიანი და სხვა.
ამავდროულად, რუსეთია ის ქვეყანა, რომელმაც “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი ავტორიტარული რეჟიმის გასამყარებლად გამოიყენა — განავრცო ყველა კრიტიკულ აზრზე, სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.