კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილედ დანიშნულ შალვა გოგოლაძის კომპანია შპს „რაიმონდს“, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „სანატორიუმ ლიკანის“ 2 148 766 ჩვეულებრივი აქცია პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 16 283 293 ლარად საკუთრებაში გადაეცა. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი განკარგულება 18 ოქტომბრით თარიღდება, როცა გოგოლაძე ირაკლი კობახიძემ მინისტრის მოადგილედ დანიშნა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი შალვა გოგოლაძისთვის სანატორიუმის აქციების გადაცემაზე ამბობს, რომ ეს საკითხი ბოლო 2 წელი მზადდებოდა და ახალი არ არის. მისი თქმით, პრივატიზება 2010 წელს მოხდა და ბევრი პრობლემური საკითხი იყო, რის გამოც ადგილზე საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება ვერ მოხერხდა.
დავითაშვილის თქმით, სახელმწიფომ მიიღო რაციონალური გადაწყვეტილება, რომ ეს აქტივი იყოს გამოყენებული ეკონომიკური საჭიროებისთვის. მისი შეფასებით, მოხდა კომპანიის აქტივების გამიჯვნა და კომპანიის აქტივების ნაწილი სახელმწიფომ წამოიღო.
“ეს საკითხი მიმდინარეობდა წელიწადზე მეტი, 2 წელი დაახლოებით. ეს არ არის ახალი პრივატიზება, პრივატიზება მოხდა 2010 წელს ან უფრო ადრე. ბევრი შესრულებული და შეუსრულებელი, პრობლემური საკითხი იყო, რომელიც უკავშირდებოდა დევნილი მოსახლეობის ვერ გაყვანას და აქედან გამომდინარე საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის ობიექტური საფუძვლები არსებობდა. არაერთი დიალოგი იყო, არაერთი კომუნიკაცია. ბატონი შალვა არ არის ერთადერთი აქციონერი, ბევრი აქციონერია და ქონების სააგენტო აქტიურად მუშაობდა. პოზიციები ინვესტორების მხრიდან იცვლებოდა, მათი სურვილი აბსოლუტურად განსხვავდებოდა საინვესტიციო თანხისგან.
ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან იქნა მიღებული პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ არ იყო ცალსახად ერთ მხარეს პოზიციები. არსებობდა ინვესტორის პრეტენზიები, იყო სასამართლო პროცესის წარმოების აქტუალობა. აქ უნდა შეაფასო რისკები სახელმწიფოს რა არსებობს და პრაგმატული გადაწყვეტილება თუ რა გვინდა ჩვენ ამ პრივატიზებიდან. ჩვენ გვინდა მივიღოთ ინვესტიციები და განვითარება და საბოლოოდ ეს აქტივი უნდა იყოს გამოყენებული ეკონომიკური საჭიროებისთვის. ზუსტად ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, კომპანიამ იკისრა დამატებითი საინვესტიციო ვალდებულების განხორციელება, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. მათ შორის დაიფარება საპრივატიზაციო თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი. ასევე ნაწილი აქტივების, ამ კომპანიას, რომელიც უკვე პრივატიზებული, აქ არ ვსაუბრობ ქონების პრივატიზებაზე, იყო ეს კომპანია, რომელიც იყო გადაცემული, რომლის შეწყვეტის პროცედურა დავიწყეთ და საბოლოოდ შევთანხმდით რომ ეს აქციები აღგვედგინა გარკვეული საფასურის ფასად, მაგრამ კომპანიის მნიშვნელოვანი აქტივები სახელმწიფოსთვის წამოგვეღო, ანუ გაიმიჯნა აქტივები. ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი და რაციონალური გადაწყვეტილება.”-ამბობს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
ცნობისთვის, შალვა გოგოლაძე შპს “რაიმონდის” წილის 50%-ს ფლობს. წილის მმართველად სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერში მითითებულია მისი მეუღლე, თამარ ფირცხალავა.
მთავრობის განკარგულების თანახმად, საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში ორ ნაწილად: 5 427 765 ლარი 12 თვის ვადაში, დარჩენილი 10 855 528 ლარი – 24 თვის ვადაში.
bm.ge შეეცდება გაარკვიოს, კონკრეტულად რა წერია 2008 წელს “რაიმონდსა” და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებულ ხელშეკრულებაში და რა პირობების დარღვევის გამო დაეკისრა კომპანიას პირგასამტეხლო. შესაბამის ინფორმაციას ქონების მართვის სააგენტოსგან ველოდებით.