BTU-ს ასოცირებული პროფესორი, მაია ხელაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, Visa-სა და Mastercard-ის საკომისიო შემოსავლებზე პოლიტიკურმა განცხადებამ სამართლიანად გააჩინა შიში და კითხვები საზოგადოებაში.
როგორ მან BM.GE-სთან განაცხადა, ეროვნული ბანკი მყისიერი გადახდის სისტემის (IPS) დანერგვაზე ქვეყნის შიდა ტრანზაქციების უზრუნველსაყოფად უკვე რამდენიმე წელია, „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით მუშაობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სებ-ი უარს იტყვის Visa/Mastercard-ზე და ალტერნატიულ სისტემას შემოგვთავაზებს.
მაია ხელაძემ სისტემის მიზნები განმარტა და აღნიშნა, რომ ეს, საბანკო სექტორის და ეროვნული ბანკის პერსპექტივიდან, პროცესების ოპტიმიზაციასა და გაიაფებას ემსახურება, თუმცა მისივე თქმით, მეორე საკითხია, როგორ უყურებენ ამას პოლიტიკოსები.
„საუბარია იმაზეა, რომ ტრანზაქციები, რომლის უზრუნველყოფაც Visa და Mastercard-ის, როგორც გლობალური სისტემების არხით ხდება, შესაძლებელია, რომ უფრო ოპტიმიზებული არხით მოხდეს, რომელიც არის ადგილობრივი SWITCH სისტემები. ეს მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში უკვე წარმატებით მოქმედებს. ეროვნული ბანკის მიზანი, რომ მსგავსი სისტემა საქართველოშიც შეიქმნას, რომელიც შემდგომში მარტივად მიერთებადი იქნება სხვა ქვეყნების საგადახდო სისტემებთან და გაამარტივებს საქართველოდან ფულადი ნაკადების მოძრაობას, რათა ფულის გადარიცხვა უფრო მარტივი, სწრაფი და იაფი გამოვიდეს. ეს მიმართულება ეროვნულ ბანკს ყოველთვის ჰქონდა, რომ ოპტიმიზაცია ყოფილიყო საგადახდო ოპერაციებში, დაჩქარებულიყო, სებ-ის ამოცანა ისიც არის, რომ საკომისიო, რომელსაც მერჩანტები, ანუ მაღაზიები, კომერსანტები უხდიან ბანკებს და უკავშირდება სწორედ გლობალური სისტემების ხარჯების კომპენსირებას, უნაღდო ოპერაციებით მომსახურებისას, ნაკლები ტვირთი იყოს. ამაზე დიდი ხანია ვმსჯელობთ საბანკო სექტორი, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს საკომისიო მერჩანტებისთვის შევამციროთ, საქართველოს ტერიტორიაზე ბანკებს შორის ოპერაციებმა უფრო ოპტიმალური გზა გაიარონ, ნაკლები დანახარჯი გასწიოს ყველა მხარემ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ Visa-სა და Mastercard-ზე, რომლებიც არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინტეგრირებული და ჩვენც მათი ნაწილი ვართ უკვე 25 წელზე მეტია, უარის თქმა ნამდვილად არაა ეროვნული ბანკის მიზანი.
მე ვიცი სებ-ი და საბანკო სისტემა როგორ უყურებს ამ საკითხს, მაგრამ როგორ უყურებენ ამას პოლიტიკოსები და როგორ მოხდება ამის მიზანმიმართული მართვა შემდეგ, არის თუ არა ეს საფუძველი, რომ ჩვენ უარი ვთქვათ გლობალურ სისტემებზე და გადავერთოთ ალტერნატიულ სისტემებზე, ამაზე ნამდვილად არ მაქვს პასუხი. ამან გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და ამიტომ იყო კითხვები, რადგან უკვე უნდობლობა გვაქვს. ეროვნული ბანკის და საბანკო სისტემის ფიქრი ამ მიმართულებით ერთია, მაგრამ ამის გამოყენება და მავანთა მიერ ინტერპრეტაცია მეორეა. საზოგადოების ეჭვები ნამდვილად საფუძვლიანია იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ უარს ვამბობთ ევროპულ და გლობალურ ღირებულებებზე, გვეშინია ამაზეც ხომ არ ვამბობთ უარს და ვუერთდებით იმ ლოკალურ სისტემებს, რომლებიც რუსეთში დაინერგა – „მირი“,- ამბობს მაია ხელაძე.
ამასთან, როგორც მაია ხელაძე განმარტავს, მყისიერი გადახდის სისტემის ამოქმედება უნაღდო ტრანზაქციებს გაზრდის.
„ახალი გადახდის ინსტრუმენტები შეიძლება გაჩნდეს ბაზარზე გარდა ბარათისა, ტელეფონისა, ახალი გაჯეტები, რომლითაც ადგილობრივ გადახდებს განახორციელებენ და მერჩანტები ანუ მიმღებები შეძლებენ, რომ უფრო სწრაფად მიიღონ თანხები და იმაზე ნაკლები საკომისიოთი, ვიდრე დღეს აქვთ. უნაღდო გადახდის მიმღები უფრო მეტი წერტილი გაჩნდება, რადგან მერჩანტების ინტერესიც მაღალი იქნება, რომ გადახდა ონლაინ მიიღონ, ვინაიდან თანხას მაშინვე მიიღებენ. ამიტომ, ეს საბოლოოდ ხელს შეუწყობს, რომ უფრო გაიზრდება უნაღდო ტრანზაქციების მაჩვენებელი, ეს ოპერაციები აღირიცხება, სტატისტიკასაც შექმნის, გადასახადსაც გადაიხდის და შევა ეკონომიკაში. ესაა იდეა, რომლითაც სებ და კომერციული ბანკები არიან დაკავებული.
ეს არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი უარს იტყვის Visa-სა და Mastercard-ზე და ალტერნატიულ სისტემას შემოგვთავაზებს. საბანკო კუთხით ვამბობ ამას და არა პოლიტიკური კუთხით, რომლის ქვეტექსტიც არ ვიცი. იმედი მაქვს, იგივე მიზანი აქვთ პოლიტიკოსებსაც, როგორც ბანკირებს, რომ გავაიაფოთ ტრანზაქციები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე სრულდება და ქართულ ბარათებს შორის ტრანზაქციების 80%-ზე მეტია და დავაჩქაროთ. ესაა მიზანი, რომელზეც ბევრი წელია უკვე ვმუშაობთ. ვფიქრობ, შიშს საფუძველი კონტექსტიდან და დროის ფაქტორიდან გამომდინარე აქვს, იმიტომ რომ ახლა რატომ დაიწყო ამ თემაზე ასე ღიად საუბარი, მაგრამ თვითონ საკითხი აბსოლუტურად არ უკავშირდება Visa-სა და Mastercard-ზე უარის თქმას“,- ამბობს მაია ხელაძე.
