კომპანია Danone-ი უახლოეს პერიოდში გამოუშვებს ახალ სასმელს Oikos-ის ბრენდის ქვეშ. პროდუქტი ორიენტირებულია იმ ამერიკელ მომხმარებლებზე, რომლებიც წონის კლების მედიკამენტებს იღებენ. Reuters-ის ცნობით, კომპანია აცხადებს, რომ ეს სასმელი დამზადებულია რძის პროდუქტებზე და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გადაჭრან კუნთოვანი მასის კლებასთან დაკავშირებული ცნობილი პრობლემა.
როგორც ცნობილია, პაციენტები, რომლებიც წონის კლების პრეპარატებს იღებენ, კარგავენ ძალიან ფასეულ კუნთოვან მასას და არა ცხიმს, რაც კვების რაციონის ცვლილებას, კერძოდ ცილების მოხმარების გაზრდას მოითხოვს.
Danone-ი პირველი მწარმოებელი არაა, რომელმაც პროდუქტი სპეციალურად იმ მომხმარებლებისთვის შექმნა, რომლებიც წონის კლების „ჩხვლეტებს“ იკეთებენ.
მათ გააანალიზეს, რომ ბაზარი კიდევ გაიზრდება, რადგან წონის კლების პრეპარატების მწარმოებლები ცდილობენ, მადის დამთრგუნველი მედიკამენტები აბების სახითაც გამოუშვან.
საკვები პროდუქტების ამერიკულმა მწარმოებელმა Conagra-მ გაყინული კერძების Healthy Choice-ის განახლებულ მარკირებაზე დააწერა „GLP-1-სთან თავსებადი.“ მისმა კონკურენტმა Nestle-მ კი ჩაუშვა გაყინული სწრაფად მოსამზადებელი საკვების ხაზი Vital Pursuit-ი მათთვის, ვინც ამ წამლებს იღებს.
გაყინული პიცა და მაკარონი, როგორც წესი, მეტ ცილას შეიცავს და მცირე პორციებით იყიდება. მანამდე Danone-მა წარმოადგინა კიდევ ერთი მაღალკალორიული სმუზი Oikos-ი, რათა კონკურენცია გაეწია „კოკა-კოლას“ ძალიან პოპულარული Fairlife-სთვის. PepsiCo ასევე გამოდის ბაზარზე მეტი ცილის შემცველობის მქონე პროდუქტებით, რადგან ამერიკელები საკუთარ რაციონს სულ უფრო მეტ ცილას უმატებენ.
