საქართველოს პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით, 83 ხმით მიიღო – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები საქართველოს პარლამენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა წარუდგინა.
კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება, გამარტივდება და უფრო ეფექტიანი გახდება კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები, უზრუნველყოფილი იქნება ეკონომიკური საქმიანობების შეუფერხებლად განხორციელება.
ნინო თანდილაშვილის განცხადებით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შეტანილი ცვლილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების და გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურები. გარდა ამისა, კოდექსი მიმართულია შესაბამისი ბიზნესოპერაციების გამარტივებისკენ. კოდექსში შეტანილი ცვლილება ადგენს გადაწყვეტილების მიღების მეტად მოქნილ წესს.
აღსანიშნავია, რომ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ 2018 წლიდან ამოქმედდა და ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო აქტი იყო, რომელმაც ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის გარემოზე ზემოქმედების და სტრატეგიული შეფასების დირექტივებს სრულად დაუახლოვა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
