საკანონმდებლო ორგანომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო – რა ცვლილებები განხორციელდა?

კანონმდებლებმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს – ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საკითხი სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.

ცვლილების თანახმად, თვითნებურად გადაკეთებულად ჩაითვლება, მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მაყუჩი ექნება გადაკეთებული.

კანონპროექტის თანახმად, იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული. კერძოდ, აღნიშნული ქმედება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. გარდა ამისა, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას და სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. ასევე, აკრძალული იქნება იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული.

კანონპროექტით, პასუხისმგებლობა წესდება სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის. აღნიშნული ქმედება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით. ქმედების განმეორების შემთხვევაში, განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.

ერთ-ერთი საკითხი უკავშირდება სატრანსპორტო საშუალების განგებ მოცურებას, ე.წ.დრიფტს. კანონში ფართოვდება სატრანსპორტო საშუალებათა არეალი, რომლებზეც გავრცელდება აკრძალვა დრიფტთან დაკავშირებით და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

პროექტით იზრდება ფულადი სანქცია საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის. აღნიშნული 10 ლარის ნაცვლად გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია წარმოდგენილი ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.

ამასთან, თუკი შესაბამის დარღვევას ადგილი აქვს ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, ეს ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას პირველ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით, განმეორებით შემთხვევაში 200 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევები, კერძოდ, თუ პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, სახელმწიფო-პოლიტიკურ თუ პოლიტიკური თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის, ასევე შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა აღარ იქნება გამოყენებული, არამედ მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, გარდა იმ ზოგადი გამონაკლისებისა, რაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა“ გათვალისწინებული გამომრიცხავი გარემოებების სახით პატიმრობის გამოყენების დროს.

პროექტის თანახმად, ასევე შემოდის პრინციპი, რომლის თანახმად, თუ სამართალდარღვევა სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას სხვა სახის სახდელთან ერთად და ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე არ გასაჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და გასაჩივრდება უშუალოდ სასამართლოში. ასეთი დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შევა დადგენილების გამოტანისთანავე, ხოლო დადგენილების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის აღსრულებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.