საირმის უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც წლებია, ვიზიტორებისთვის გამორჩეული და საინტერესო ადგილია, ახალ ფუნქციას იძენს. „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ეკოსაგანმანათლებლო პროექტს იწყებს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, საკლასო ოთახებში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ ბუნებრივ გარემოში პრაქტიკული კვლევებითა და სახალისო თავგადასავლებით განამტკიცონ. პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და მხოლოდ შემეცნებითი ტურების მოწყობას არ ითვალისწინებს. ეს არის ინტეგრირებული სასწავლო პროცესი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტანდარტებს ეფუძნება. თენგიზ ცერცვაძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „წელიწადზე მეტია, „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც ისტორიული პროექტის მთავარ მიზანს – ბუნების აღდგენას, მდგრად განვითარებასა და ადგილობრივი თემის გაძლიერებას ემსახურება. ეკოსაგანმანათლებლო პროექტიც ამ წამოწყების ლოგიკური გაგრძელებაა, სადაც ეკოსისტემის აღდგენა და ეკოგანათლება ერთი კონცეფციის ნაწილია. მიგვაჩნია, რომ ეს არა ერთჯერადი აქტივობების ერთობლიობა, არამედ გრძელვადიანი სტრატეგიის შემადგენელია. გვსურს, მომავალ თაობას ნათლად დავანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა, რომელიც ამ პროცესში თითოეულ მოქალაქეს ეკისრება. ვფიქრობთ, საირმის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და რესურსები ამ მისიის შესასრულებლად საუკეთესო პლატფორმაა“.პროექტი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული და სკოლებს შესაბამის სილაბუსს სთავაზობს. დაწყებითი საფეხურისთვის, მცენარეთა აგებულებასთან ერთად, აქცენტი ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობასა და დაკვირვების უნარების განვითარებაზე კეთდება. ბიოლოგიისა და გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილები ღია სივრცეში საბაზისო საფეხურისთვის განისაზღვრა. მე-6-7 კლასის მოსწავლეები სახეობების იდენტიფიცირებასა და რუკაზე მუშაობის პროცესზე კონცენტრირდებიან. საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის კი პროგრამა უფრო კომპლექსურია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების სტრატეგიას, კლიმატის ცვლილების ანალიზსა და მდგრადი განვითარების პრინციპებს მოიცავს.გიორგი დიასამიძე, ეკოგანათლების სპეციალისტი: „პროექტის მთავარი ღირებულება პრაქტიკული გამოცდილებაა. სპეციალურად შემუშავებული ეკოსიმულაციები და სტრატეგიული თამაშები ბავშვებს გუნდური და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დაეხმარება. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, იმუშაონ პროფესიონალ რეინჯერებთან ერთად, ისწავლონ ცხოველთა მონიტორინგი და გაიგონ მეტი მათი ქცევების შესახებ. პროგრამის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია სალაშქრო განათლება: მარშრუტების დაგეგმვა, პირველადი დახმარება, უსაფრთხოების წესები და ბანაკის მოწყობა. გვსურს, მოსწავლეებს კვლევაზე დაფუძნებული სწავლება გავუზიაროთ და დავეხმაროთ, რომ სკოლის სივრცეში მიღებული ცოდნა რეალურ გარემოში ბუნებასთან უშუალო შეხებით თავად გამოცადონ“.საირმის ბიომრავალფეროვნება, პროფესიონალი რეინჯერების გამოცდილება და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული პროგრამა ქმნის შესაძლებლობას, რომ მოზარდებმა ისწავლონ მთავარი – პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებსა და გარე სამყაროზე.„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების პოპულაციის აღდგენაა. ისტორიული პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 4 მილიონი ლარია. ამასთან ერთად, გათვალისწინებულია ფერმის შემადგენლობაში არსებული 13 000 ჰექტარი ტერიტორიის დაცვა, ეკოტურიზმის განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.