საინფორმაციო კამპანია „გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში” დაიწყო

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო საინფორმაციო კამპანია “გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში”.
კამპანიის მიზანია საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება გარემოსდაცვითი უფლებებისა და გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ. კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook (GEO) ახორციელებს.
კამპანიის ფარგლებში უკვე ჩატარდა ორდღიანი ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აქტივისტებისთვის. ღონისძიებებში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან 30-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტრენინგის განმავლობაში განიხილეს გარემოსდაცვითი გამოწვევები ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებაში და სამართლებრივი გზები მათ აღმოსაფხვრელად; რელევანტური ქართული კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეროვნული და საერთაშორისო ინსტიტუტების პრეცედენტული სამართალი. ტრენინგზე ასევე იმსჯელეს მონაწილე ორგანიზაციების გამოცდილებისა და, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.
საინფორმაციო კამპანია ხორციელდება პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში და 2024 წლის ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
„გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების შესახებ საინფორმაციო კამპანიას საქართველოში, რადგან დღევანდელ ეპოქაში გარემოსდაცვითი საფრთხეები ადამიანის უფლებების გამოწვევაა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2022 წელს აღიარა, რომ ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში. ეს უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციითაც,“ – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის პროექტის ხელმძღვანელმა ლევან ასათიანმა.
„გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის ინფორმირება მათი გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, ასევე საცხოვრებელი გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის. იმედი გვაქვს, მიმდინარე საინფორმაციო კამპანია ხელს შეუწყობს სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების ცნობიერების ამაღლებასა და შესაძლებლობების გაძლიერებას მათი გარემოსდაცვითი უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ საქართველოში”, – განაცხადა Georgia’s Environmental Outlook-ის დამფუძნებელმა, ხათუნა გოგალაძემ.
კამპანიის ფარგლებში, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები და დისკუსიები საქართველოს მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენებთან და სკოლის მოსწავლეებთან, გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჟურნალისტებთან, იურისტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ფართო საზოგადოებას Georgia’s Environmental Outlook და გაეროს განვითარების პროგრამა სოციალური მედიის პლატფორმებისა და მედიის საშუალებით მიაწვდის სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.