1980-90-იანი წლების ჰოლივუდის კინოვარსკვლავთა შორის განსაკუთრებული ადგილი „ნეოს“ – კიანუ რივზს უჭირავს. მისი ყველა ფილმი თუ პერსონაჟი გამორჩეულია, ისევე, როგორც თავად კიანუ რივზი – რეალურ ცხოვრებაში.
კიანუ ჩარლზ რივზის მშობლებმა – პატრისიამ და სემუელმა, ერთმანეთი ბეირუთში, ლიბანში, სამოქალაქო ომამდე გაიცნეს და ბეირუთში 1964 წლის 2 სექტემბერს დაიბადა მომავალი მსახიობიც. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, კიანუს დედა ერთ-ერთ ბარში მოცეკვავე იყო. ბავშვს ჰავაიში გავრცელებული სახელი – კიანუ დაარქვეს, რაც „მთიდან მონაბერ ცივ ქარს“ ნიშნავს.
მოგზაურობის მოყვარული ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. კიანუს და – კიმი, ავსტრალიაში დაიბადა. მომავალი მსახიობი 3 წლის იყო, როცა მამამ ოჯახი მიატოვა. ამ ამბის შემდეგ პატრისია – კიანუს დედა, კიდევ სამჯერ გათხოვდა. ერთ-ერთ ქორწინებაში გოგონა – კარინა მილერი შეეძინა. მსახიობს ნახევარდა ჰყავს მამის მხრიდანაც – ემა როუზ რივზი.
კიანუმ დებთან ერთად ბავშვობის დიდი ნაწილი ტორონტოში გაატარა. პატრისია კოსტიუმერი გახდა და სწორედ დედის დახმარებით რივზმა პატარა ასაკში გაიცნო დოლი პარტონი, დევიდ ბოუი და ელის კუპერი.
1980-იანი წლების დასაწყისში ის მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობდა.
1988 წელს გადაღებულმა ფილმმა „სახიფათო კავშირები“ კიანუ რივზთან ერთად დიდი წარმატება მსახიობ უმა თურმანსაც მოუტანა. პირველი ყველაზე დიდი წარმატება კი კიანუს ფილმმა „ბილი და ტედი“ მოუტანა.
დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ფსიქოლოგიური ტრილერი „ეშმაკის ადვოკატი“ , სადაც ახალგაზრდა მსახიობმა შარლიზ ტერონთან და ალ პაჩინოსთან ერთად ითამაშა. როგორც ამბობენ, კიანუს ისე ძლიერ სურდა ამ მსახიობებთან ერთად თამაში, რომ საკუთარი ჰონორარიდან, რაც 8 მლნ დოლარს შეადგენდა, 2 მლნ დოლარი დათმო, რათა პროდიუსერებს ალ პაჩინოსა და შარლიზ ტერონისთვის გადაეხადათ.
კიანუ რივზზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ ფილმი „ტკბილი ნოემბერი“, „კონსტანტინი“ და რა თქმა უნდა – „მატრიცა“. ამ საოცარმა ნამუშევრებმა შედეგი გამოიღო და ჰოლივუდის “დიდების ხეივანში” კიანუ რივზის ვარსკვლავი გაიხსნა.
· სამწუხაროდ, როდესაც კიანუ მხოლოდ 3 წლის იყო, მამამისი ოჯახიდან წავიდა. მას შემდეგ მას მხოლოდ დედა, პატრიცია ზრდიდა.
· 17 წლის ასაკში სკოლა მიატოვა
· მიუხედავად იმისა, რომ დედამისი ინგლისელია, მამის მხარე ცოტა უფრო მრავალფეროვანია. კიანუს მამა ჩინურ-ჰავაიური, ინგლისური, ირლანდიური და პორტუგალიური წარმოშობისაა.
· წარმოშობის მიუხედავად კიანუ კანადის მოქალქეა.
· 2005 წელს კიანუ რივზმა საბოლოოდ მიიღო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.
· მოტოციკლების დიდი გულშემატკივარია. კიანუმ დააარსა “Arch Motorcycle Company”, რომელიც აწარმოებს და ყიდის მოტოციკლებს.
· უცნაურია, მაგრამ კიანუ რივზი არასოდეს ყოფილა ნომინირებული ოსკარზე.
· რივზმა ბევრი გაჭირვება გადაიტანა ცხოვრებაში. 1993 წელს მისი საუკეთესო მეგობარი რივერ ფენიქსი გარდაიცვალა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის გამო. მოგვიანებით ის და მისი მეგობარი გოგონა ელოდნენ შვილს – ბავშვი მკვდარი დაიბადა და ურთიერთობა დაძაბულობის გამო დასრულდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მისი მაშინდელი ყოფილი შეყვარებული საბედისწერო ავტოავარიაში მოყვა.