„ქართულ ოცნებაში“ გიული ალასანიას უნივერსიტეტის საკითხზე ისევ ისაუბრეს. ამჯერად „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა 1 ლარად, „თავხედურად“ გადაეცა და საინტერესო იქნება გამოძიების მიერ ამ საკითხის შესწავლა.
როგორც ცნობილი გახდა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ პროკურატურას მიმართა. გურგენიძის თქმით, „წინა ხელისუფლების დროს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების დიდი ნაწილი მიიტაცა ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა“.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების საკითხი მოხვდა „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. დასკვნის წარდგენისას თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული „არაჯანსაღი მართვის მოდელი კორუმპირებული იყო“.
წულუკიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი მმართველობის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა კანონგარეშე პროცესებს, რომელთა მიზანსაც ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტი და ტერორი წარმოადგენდა. ამ კონტექსტში წულუკიანმა ისაუბრა ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების ქონებებზე. მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო ქონება სააკაშვილის და მისი გარემოცვის წყალობით, გიული ალასანიამ ხელში ჩაიგდო.
