საინვესტიციო ფონდის შექმნა ვაშინგტონისა და კიევის სტრატეგიულ პარტნიორობაში გარდამტეხი ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერებას – ანდრეი სიბიგა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ აშშ-უკრაინის შეთანხმება საინვესტიციო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით ვაშინგტონისა და კიევის სტრატეგიულ პარტნიორობაში მნიშვნელოვანი გარდამტეხი ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერებას.
ამის შესახებ ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.
უკრაინელი დიპლომატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს ესაუბრა და აშშ-თან გაფორმებული შეთანხმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ვესაუბრე კაია კალასს უკრაინა-ევროკავშირის დღის წესრიგის განსახილველად და მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების წინ ნაბიჯების კოორდინირებისთვის. კოლეგას ინფორმაცია მივაწოდე აშშ-უკრაინის სარეკონსტრუქციო საინვესტიციო ფონდის შექმნის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. ეს არის გარდამტეხი ეტაპი უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. ჩვენ განვიხილეთ ბოლო დიპლომატიური ძალისხმევა და შემდეგი ნაბიჯები სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ, ასევე, გავცვალეთ სიახლეები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების უკრაინაში 9 მაისს ვიზიტისთვის მზადების შესახებ. მადლობა ევროკავშირს სოლიდარობისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – წერს ანდრეი სიბიგა.
შეგახსენებთ, გუშინ ვაშინგტონში აშშ-მა და უკრაინამ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს.
პირველი არხი
