საინვესტიციო დაინტერესება სადაზღვევო მიმართულებით შესაძლებელია შეზღუდული იყოს, რადგან ინვესტორები ხედავენ, რომ გარკვეული მიმართულებით ბაზარზე არაკონკურენტული გარემოა – ლაშა ნიკოლაძე
საინვესტიციო დაინტერესება სადაზღვევო მიმართულებით შესაძლებელია შეზღუდული იყოს, რადგან ინვესტორები ხედავენ, რომ გარკვეული მიმართულებით ბაზარზე არაკონკურენტული გარემოა, – ამის შესახებ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სებ-თან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კრედიტის აღების დროს სამი სავალდებულო სადაზღვევო შეთავაზება საკმარისი არ არის, თუმცა დღემდე არაფერი შეცვლილა.
მისივე ინფორმაციით, ნებისმიერი რამ რაც არაკონკურენტულ გარემოს ქმნის ერთი მიმართულებით, ზოგადად ბაზრის განვითარებას აფერხებს.
„კონკურენციის საკითხები, რომელიც საბანკო სადაზღვევო კომპანიებს შეეხება, ისევ დღის წესრიგში დგას. ქართული სადაზღვევო ბაზარი ძალიან მცირეა, სადაც კიდევ უფრო მწვავე ხდება კონკურენცია როცა საკითხი შეეხება საბანკო სადაზღვევო კომპანიების ზეგავლენას მთელ ბაზარზე. კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ ამ მიმართულებით მართლაც მაღალია კონცენტრაცია და ირღვევა კონკურენციის კანონი. საკითხი შეეხება 1 წლის წინ გამოქვეყნებულ 6 რეკომენდაციას, სადაც აღიწერა, რომ სიცოცხლის დაზღვევას ძალიან მაღალი კონცენტრაცია აქვს და ბაზრის თითქმის 90% საბანკო სადაზღვევო კომპანიებს უჭირავს. კონკურენციის სააგენტომ სწორად დაინახა, რომ საკითხი იმდენად კომპლექსურია, რომ შეიძლება რეგულატორთა ნორმატიული ჩარევა საკმარისი არ ყოფილიყო და მიუთითა, რომ თუ კანონი იყო შესასრულებელი, ამაზე მუშაობა დაწყებულიყო.
ამის შემდეგ ჩვენ ეროვნულ ბანკთან გვქონდა შეხვედრა, სადაც გამოითქვა ყველა მხარის პოზიცია როგორც ბანკის და სადაზღვევო კომპანიების, ისე სადაზღვევო რეგულატორის და ერთგვარად შევთანხმდით, რომ კრედიტის აღების დროს სამი სავალდებულო შეთავაზება საკმარისი არ არის. ეს გამომდინარე იქიდან, რომ თუნდაც საბანკო სადაზღვევოს რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს სამს. ასევე, ვისაუბრეთ გარკვეულ საკითხებზე, რომ ეს შეთავაზება ყოფილიყო გახსნილი და ყველა სადაზღვევო კომპანიას ჰქონოდა ამ შეთავაზებაში მონაწილეობის უფლება. დღევანდელ დღეს შეცვლილი არაფერი არ არის. 6 სადაზღვევო კომპანია იყო საბანკო ზეგავლენის ქვეშ, დღეს უკვე 7-ია. თუ გაიხსნებოდა ეს ბაზარი ვნახავდით შეცვლიდა თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება 90%-იან სიმჭიდროვეს“, – აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია სწორი მიმართულებით არ ვითარდება, რაც რამდენიმე საკითხს მოიცავს.
bp.ge
