საია: CRC ადგენს, რომ კანონი ნეგატიურად იმოქმედებს ბავშვთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებზე

გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი (CRC) მოუწოდებს სახელმწიფოს, გააუქმოს რუსული კანონი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, 2024 წელს წარუდგინეს კომიტეტს ინფორმაციას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის ეფექტიანი შესრულებისთვის.
“მეტიც, ეს კანონმდებლობა პირდაპირ ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მშვიდობიან არსებობას საქართველოში. ამიტომაც, საიამ მოუწოდა ბავშვის უფლებათა კომიტეტს, თავისი მანდატის ფარგლებში განიხილა ეს საკითხი”, – ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საია-ში ამბობენ, რომ 2024 წლის 30 მაისის დასკვნაში გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, და ადგენს, რომ ეს ნეგატიურად იმოქმედებს ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მუშაობაზე.
“კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს გააუქმოს კანონი. დასკვნაში, ასევე, გაზიარებულია ის არაერთი სხვა პრობლემური საკითხი, რომელზეც საია თავის ალტერნატიულ მოსაზრებებში მტკიცებულებებზე დაფუძნებით უთითებდა”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
საია-მ გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში 2024 წლის 15 აპრილს წარუდგინა. კომიტეტის ფუნქციაა შეაფასოს, თუ რა ზომებს იღებს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის წევრი სახელმწიფო აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
საია-ს თანახმად, დოკუმენტში ასახულია საქართველოში არსებული გამოწვევები ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით როგორც კანონმდებლობაში, ასევე, პრაქტიკაში.
ანგარიში მოიცავს შემდეგ საკითხებს: 1. ბავშვთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე; 2. ბავშვების მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა, მათ შორის, შშმ ბავშვების მიმართ; 3. ბავშვთა ადრეული ქორწინება; 4. ბავშვთა სასკოლო და სკოლამდელი განათლება, მათ შორის, ინფორმაცია საქართველოს ეფექტიან კონტროლის მიღმა (, ცხინვალი, სამხრეთ ოსეთი) ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე; 5. სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობა; 6. ბავშვთა შრომა და ეკონომიკური ექსპლუატაცია; 7. ქუჩაში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა.