“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ფონდების წარმომადგენლების სახლებში 29 აპრილს ჩატარებულ ჩხრეკა-ამოღების ოპერაციებს განცხადებით ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით, “იმის გათვალისწინებითაც, რომ 1 თვეზე მეტია გასული ფონდების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებიდან და ანგარიშების დაყადაღებიდან, 29 აპრილს, დილით ჩხრეკა-ამოღების ჩატარება „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს და იგი ობიექტურად მიმდინარე გამოძიების პრეზუმპციითაც კი ვერ შეფასდება როგორც მიზანშეწონილი საგამოძიებო ღონისძიება.”
საია ყურადღებას ამახვილებს რიგ ასპექტებზე, მათ შორის იმაზე, რომ ადვოკატებს ჩხრეკის პროცესზე დასწრების საშუალება სრულყოფილად არ მისცემიათ და იმაზეც, რომ სასამართლოს განჩინებები იყო ზოგადი და მასში მითითებული არ ყოფილა ჩხრეკის დროს აღმოსაჩენი ან ამოსაღები საგნების, ნივთებისა და ობიექტების ჩამონათვალი.
“სასამართლოს განჩინებაზე მითითებით სამართალდამცველები ითხოვდნენ ტელეფონების გადაცემას.
ის, რომ ტელეფონი შეიძლება იყოს ინფორმაციის შემცველი საგანი, ეს ობიექტურად განჭვრეტადი და შეცნობადია საგამოძიებო უწყებისთვის, ამიტომ, საიას მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, განჩინებაში პირდაპირ უნდა იყოს მითითება გაკეთებული ტელეფონის ამოღებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ამოღებულ ტელეფონებში შეიძლება ინახებოდეს პროფესიული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია (როგორიცაა, მაგალითად საადვოკატო ან ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია), რაც განსაკუთრებით დაცული მონაცემია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე, რელევანტური საერთაშორისო ხელშეკრულებებით (მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით)”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღესვე ფონდების წარმომადგენლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. მან თქვა, რომ კანონდარღვევების შემთხვევაში შესაძლებელია გასაჩივრება.
“საკმაოდ მძიმე მუხლებია, რითაც გამოძიება არის დაწყებული და შესაბამისად, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. პირად საცხოვრებელში ჩხრეკა არის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ არის დადგენილი ჩვენი კონსტიტუციით და საპროცესო კოდექსით, რომ საჭიროა მოსამართლის განჩინება. რასაც მე ვუყურე პირდაპირ ეთერში და რა განცხადებაც გააკეთა გენერალურმა პროკურატურამ, არსებობდა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ კონკრეტული პირების პირად საცხოვრებელ სივრცეში ჩატარებულიყო ჩხრეკა. არსებობდა სათანადო დასაბუთება, იმიტომ რომ მოსამართლემ ჩათვალა საჭირო, რომ აქ აუცილებელი იყო მსგავსი ღონისძიების განხორციელება. პოლიცია იყო ადგილზე მობილიზებული საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად. ადვოკატები მონაწილეობდნენ [პროცესში], მათ ალბათ ექნებათ შესაბამისი საპროცესო გარანტიების ფარგლებში მასალებზე წვდომა და შესაბამისად, შეუძლიათ, რომ კონკრეტული ღონისძიებები გაასაჩივრონ ან შესაბამისი პროცედურები წარმართონ, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.
რაც შეეხება კონკრეტულ პროცედურულ საკითხებს – არსებობს შესაბამისი წესები. თუ რამე დაირღვა [ჩხრეკის ჩატარებისას], არსებობს იმ წესების გასაჩივრების მექანიზმები. რაიმე საპროცესო ნორმა დაირღვა? მე ვფიქრობ, რომ არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, ამ შემთხვევაში არსებობს შესაბამისი წესები, რომ გაასაჩივრონ. არსებობს მექანიზმები, იციან ადვოკატებმა, ჩაიხედონ იმ მუხლებში და თუ რამეს არ ეთანხმებიან, [გაასაჩივრონ]“, – უთხრა დარახველიძემ ჟურნალისტებს.
9 აპრილს, დილას პროკურატურის თანამშრომლები გამოჩნდნენ ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში.
ჩხრეკის დაწყების დროს ბინებში იყვნენ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის არასრულწლოვანი შვილები. ჩხრეკის დაწყებიდან 4 საათის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩხრეკა ჩატარდა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. ამავე განცხადების მიხედვით, გამოძიებაში პროკურატურის გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც არის ჩართული.
