საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ბოლო შეფასება წარადგინა, რომლის მიხედვითაც არათანასწორ გარემოში წინასაარჩევნო პერიოდი მაღალი პოლარიზაციის ფონზე წარიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონდამრღვევმა ფაქტებმა და გამოკვეთილმა უარყოფითმა ტენდენციებმა წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად იმოქმედა. საიას შეფასებაში აღწერილია, რომ ისინი დააკვირდნენ ანტიკორუფციული ბიუროსა და კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებს, გარდა ამისა, მათ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სიძულვილის ენის გამოყენების, ძალადობის წახალისების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები აღმოაჩინეს.
საიას განცხადებაში წერია, რომ რუსული კანონის მიღებამ და მას შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე, ხელისუფლებისგან სამოქალაქო სექტორის მიმართ სისტემურმა მადისკრედიტირებელმა კამპანიამ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის რიტორიკამ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
“”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული სტილის კანონის ინიციირების და მიღების პროცესი (2024 წლის აპრილი-მაისი) ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა. ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით ცდილობდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროებას. დაფიქსირდა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევები; სამართალდამცველთა მხრიდან სისტემური ძალადობა; უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისება; სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაცია პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად; ასევე, გამოვლინდა აქციის მონაწილეების, მისი მხარდამჭერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების (მათ შორის, ბავშვების და ოჯახის ხანდაზმული წევრების) დაშინების, მათ მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისა და ფიზიკური ძალადობის არაერთი შემთხვევა.
გამოვლინდა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატებოდა აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში, დაკავების დროს არასათანადო მოპყრობაში. საჯარო წყაროებით გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებული ძალადობა, შესაძლოა, აღწევდეს დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ხარისხს.
ზოგ შემთხვევაში, არაიდენტიფიცირებული მესამე პირები რუსული სტილის კანონის მოწინააღმდეგეთა მიმართ ფიზიკურად ძალადობდნენ: აქციაზე სცემდნენ დემონსტრანტებს, სახლებთან ან ქუჩაში ხვდებოდნენ პროტესტის ორგანიზატორებს, მათი ოჯახის წევრებს და სასტიკად უსწორდებოდნენ. ძალადობის ეს ფორმა ჰგავს ე.წ. ტიტუშკების რეიდს (Titushky Raid).
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ან/და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აბსოლუტური უმრავლესობა კონსულტაციების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის მოსაზრებების უგულებელყოფით წარიმართა. ცვლილებები მმართველი პარტიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ისახავდა მიზნად და არ იყო მიმართული საკანონმდებლო ჩარჩოს რეალურად გაუმჯობესებისკენ.
ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც ცესკომ 2024 წლის 16 აგვისტოს დადგენილებით მიიღო, ეხებოდა ყველა ტიპის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებლად წილისყრის პროცედურის ჩატარებას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა. ამ სადავო დადგენილების შესახებ 20 აგვისტოს საიამ სასამართლოს მეგობრის პოზიცია წარადგინა. გარდა ამისა, 18 ოქტომბერს ორგანიზაცია დააკვირდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა წილისყრის პროცედურებს თბილისსა და რეგიონებში. მნიშვნელოვანია, რომ წილისყრის პროცედურის გამართვის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციას ეცნობა წინა დღეს, 17 ოქტომბერს, 20:27 საათზე, რამაც მონიტორინგი არსებითად გაართულა. მიუხედავად მჭიდრო ვადებისა, საია პროცესს 18 უბანზე დააკვირდა. ამ უბნების, დაახლოებით, 30%-ზე წილისყრის პროცედურა ცესკოს მიერ მითითებულ დროზე ადრე დაიწყო, ხოლო გარკვეულ უბნებზე – გვიან. შესაბამისად, ორგანიზაციას ეფექტიანი დაკვირვების შესაძლებლობა არ მიეცა”, – წერია საიას განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ მათ შეაფასეს პარლამენტის მიერ 2024 წლის აპრილში ე.წ. გენდერული კვოტების გაუქმება და გენდერული ბალანსი არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო სიებში.
“აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიათა სიებში რეგისტრირებული 1185 კანდიდატიდან მხოლოდ 29%-ია ქალი. წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, სადაც ქალთა წილი 44,3%-ს შეადგენდა, ვითარება მკვეთრად გაუარესებულია.2 მათ შორის, თვალშისაცემი უკუსვლაა მმართველი პარტიის საარჩევნო სიაშიც. მაშინ, როდესაც 2020 წელს მათ საარჩევნო სიაში ქალთა რაოდენობა 24% იყო, წელს ეს რიცხვი 16%-ით განისაზღვრა (დაზუსტებისთვის, სიის 169 კანდიდატიდან მხოლოდ 28 მათგანია ქალი). მოცემული სტატისტიკა ნათლად მიუთითებს პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის კლების ტენდენციაზე
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებები
საიამ მისიის ფარგლებში შეაფასა ანტიკორუფციული ბიუროს 3 გადაწყვეტილება, რომლებმაც არსებითად უარყოფითი გავლენა მოახდინა საარჩევნო გარემოზე. განსაკუთრებით საგანგაშო იყო გადაწყვეტილება, რომლითაც ბიურომ კანონის არასწორი განმარტებით, თვითნებურად გაავრცელა „განცხადებული საარჩევნო მიზნის” მქონე სუბიექტის სტატუსი სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე. მისი მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხება და დისკრედიტაცია. ანტიკორუფციულმა ბიურომ კანონის ამგვარი ინტერპრეტაციით შექმნა სახიფათო პრეცედენტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვის კუთხით.
კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებები
საიამ ასევე უარყოფითად შეაფასა კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 4 გადაწყვეტილება.3 ნიშანდობლივია, რომ კომისიის და შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ საქმეებზე საარჩევნო ნორმების არასწორ განმარტებებს ემყარებოდა, რაც მმართველ პარტიას, ყველა შემთხვევაში, სხვა საარჩევნო სუბიექტებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა. ნორმების ამგვარი ინტერპრეტაცია ძირს უთხრის თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოს და აზიანებს პოლიტიკურ ძალებს შორის თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზანს.
სიძულვილის ენის გამოყენება და ძალადობის წაქეზება
2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და მასთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტი. ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, იწვევს ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას, აქტივისტურ, შემოქმედებით, მეცნიერულ საქმიანობაზე ცენზურის დაწესებას, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წახალისებას.4 აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ასევე ინიციირებული აქვს მსგავსი შინაარსის საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი.5
მმართველი პარტია და მისი ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად იყენებენ სიძულვილის ენას, ავრცელებენ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ნარატივებს, მათ შორის, პოლიტიკური რეკლამის მეშვეობით.6
მაშინ, როდესაც ლგბტქი+ თემის წევრები ისედაც ხშირად განიცდიან ძალადობას როგორც ოჯახში, ისე ოჯახის გარეთ, ხოლო ტრანსგენდერი ადამიანები სიძულვილით მოტივირებული ძალადობის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან, ამგვარი დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივების შემოტანა და პოლიტიკოსების მხრიდან მცდარი, სიძულვილის შემცველი რიტორიკის გავრცელება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიისას, კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ლგბტქი+ თემის წევრებს.7
წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა და ძალადობა
საიამ წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლა ძალადობის 6 შემთხვევა, ასევე, საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის – 5, სააგიტაციო მასალის დაზიანების – 3, პოლიტიკური ნიშნით სხვისი ნივთის დაზიანების – 2 და სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავების 1 შემთხვევა. ამჟამად, საია სწავლობს დამატებით 6 შემთხვევას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიერ 23 ოქტომბერს ორგანიზებულ ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენელზე თავდასხმის ერთ შემთხვევას. თითოეული მათგანი ინტენსივობითა და ხასიათით განსხვავებული იყო, თუმცა ისინი ნეგატიურად აისახებოდა წინასაარჩევნო გარემოზე. მათ შორის, ეს ინციდენტები მოიცავდა ფიზიკურ ძალადობას ოპოზიციურ კანდიდატებზე, მმართველი პარტიის წევრის მანქანის დაზიანებას, ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევას, სააგიტაციო მასალების ჩამოხევას/დაზიანებას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტების ნაწილზე შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა გამოძიება ფორმალურად დაიწყეს, მათ სათანადო ღონისძიებები არ მოჰყოლია. ამგვარი ქმედებები ქმნის არასტაბილურ და დამაშინებელ პოლიტიკურ გარემოს, რაც, ფაქტობრივად, ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენს. ამასთანავე, საგამოძიებო ორგანოების არაეფექტიანი რეაგირება იწვევს ამ ორგანოებისადმი საზოგადოების ნდობის შემცირებას და სხვა შესაძლო სამართალდარღვევების წახალისებას.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სავარაუდო მოსყიდვა
წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია არაკეთილსინდისიერად იყენებდა ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებულ გავლენებს, რითაც ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიდა მის ელექტორალურ კონკურენტებს. ეს გამოიხატებოდა როგორც ფინანსური, ისე ინსტიტუციური და სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების მავნე პრაქტიკაში, რა დროსაც იშლებოდა ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის. არსებითი დარღვევები გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კუთხით. ამასთან დაკავშირებით საიას მიერ შესწავლილი 16 შემთხვევიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვან დარღვევას განეკუთვნებოდა ზემდგომი თანამდებობის პირის მხრიდან საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულთათვის მმართველი პარტიის რეგიონულ ღონისძიებებზე დასწრების მოთხოვნა, მათ შორის, სამუშაო საათებში. საყურადღებოა ისიც, რომ მათი მობილიზებით სხვადასხვა სახით ხელი ეშლებოდა სასწავლო პროცესს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არსებული მანკიერი პრაქტიკა არა მხოლოდ აზიანებს თავისუფალ და თანასწორ საარჩევნო პროცესს, არამედ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნებაზე და უარყოფითად მოქმედებს საჯარო-საბიუჯეტო დაწესებულებების ფუნქციონირებაზე. აქვე, აღსანიშნავია საიას მიერ შესწავლილი 5 შემთხვევა, რომლებიც არაუფლებამოსილი პირის მიერ უკანონო აგიტაციას შეეხებოდა. ამგვარი ფაქტები კიდევ უფრო მეტად შლის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის. მონიტორინგის ფარგლებში საიამ დააიდენტიფიცირა სავარაუდო მოსყიდვის 1 შემთხვევა, ხოლო 1 შესწავლის პროცესშია.
ივნისის შემდეგ საიამ აღრიცხა ხელისუფლების 13 მასშტაბური სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორისაა: პატიმრების ამნისტია, ფინანსური ვალდებულებების ჩამოწერა, ასობით ოჯახისთვის ბინების გადაცემა ან გადაცემის დაპირება და სხვა. „ქართული ოცნება” მსგავსი პროექტების დაანონსებითა და განხორციელებით ცდილობდა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას. საიას აზრით, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად მთავრობის მხრიდან ამგვარი პროგრამების გამოყენება წინასაარჩევნო მანიპულაციაა. ეს კი პოლიტიკურ პარტიებს შორის ქმნის აშკარა უთანასწორო გარემოს და უგულებელყოფს სახელმწიფოსა და პარტიის რესურსების გამიჯვნის პრინციპს.
საია ასევე აკვირდებოდა 23 ოქტომბრის „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, სადაც გამოვლინდა სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 5 ფაქტი, რომლებიც შესწავლის პროცესშია”, ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში”, – წერია საიას განცხადებაში.
საიამ სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საბიუჯეტო დაწესებულებებიდან საჯარო მოხელეებისა და საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები გამოიკვლია.
“სადამკვირვებლო მისიამ შეისწავლა შესაძლო უკანონო გათავისუფლების ოთხი შემთხვევა. საია დამატებით სწავლობს კიდევ ორ საქმეს. საგულისხმოა, რომ ოთხივე პირი სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირებს მის პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც მმართველი პარტიისთვის მიუღებელი იყო. განათლების მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებამოსილებით დანიშნული ახალი დირექტორები კი სამეურვეო საბჭოს მიერ დაწუნებული კანდიდატები იყვნენ, რაც მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. არჩევნების პერიოდში საბიუჯეტო დაწესებულებებიდან კრიტიკული აზრის მქონე პირების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება აძლიერებს საჯარო სექტორის პოლიტიზების რისკებს და უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე.”, – აღწერილია განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გრძელვადიანი დაკვირვების შედეგად ანგარიშში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების ფაქტებიცაა ასახული.
წინასაარჩევნო გარემოზე ასევე დამაზიანებლად იმოქმედა სხვადასხვა წყაროებით გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ მოქალაქეებს სავარაუდოდ საარჩევნო მიზნებისთვის ართმევდნენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია თითოეული მოქალაქის უფლება, ხმის ფარულობის პრინციპის დაცვით, თავისუფალ და თანასწორ პირობებში, საკუთარი შეხედულებების მიხედვით გამოხატონ თავიანთი პოზიცია არჩევნებზე.
საიას შეფასებით, საარჩევნო პერიოდში ამგვარი ქმედება, შესაძლოა, იყოს ამომრჩეველთა ნების გამოვლენის ხელშეშლა და მათზე ზეგავლენის მოხდენა. ასევე, ეს შეიძლება ემსახურებოდეს ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული შიშის გავრცელებას.
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა
საიამ უარყოფითად შეაფასა მოქალაქეთა რეალური საჭიროების გათვალისწინების გარეშე ქვეყნის საზღვრებს გარეთ არასაკმარისი საარჩევნო უბნების გახსნა მაშინ, როდესაც არსებული საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის შესაძლებლობას. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სულ 67 საარჩევნო უბანი გახსნა. საზღვარგარეთ უბნების გახსნის საჭიროებაზე ცესკოს არაერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია როგორც თავად მოქალაქეებმა, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა და პროცესში ჩართულმა სხვა მხარეებმა. თუმცა, ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. მოქმედი კანონმდებლობით, ცესკო არ იყო შეზღუდული, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით მიემართა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დამატებით დროებითი საკონსულო დაწესებულების გახსნის მოთხოვნით, სადაც კომისია შეძლებდა საარჩევნო უბნის გახსნას. ცესკო, როგორც მოქალაქეთა საარჩევნო უფლების რეალიზებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო, ვალდებული იყო, უზრუნველეყო საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა. ამ მიზნით, მას აქტიურად უნდა ეთანამშრომლა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა გარანტირებული ყოფილიყო საქართველოს მოქალაქეების აქტიური საარჩევნო უფლების პრაქტიკული რეალიზება.
საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა
სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საია აწარმოებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ წერილებზე საჯარო უწყებების რეაგირების მონიტორინგს. მისიის განმავლობაში ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით სხვადასხვა საჯარო უწყებას მიმართა 158-ჯერ. 48 შემთხვევაში ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია, ხოლო 23 წერილზე პასუხი არასრულყოფილი იყო. საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა აფერხებს საიას სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის პროცესს.
საარჩევნო დარღვევებზე რეაგირება
საიამ სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ცესკოსა და ლანჩხუთის, თელავის, ბაღდათის, გორის, გარდაბნის, ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიებში 7 საჩივარი შეიტანა. აქედან ხუთი, წინასაარჩევნო აგიტაციის მოთხოვნათა დარღვევისა და საჯარო რესურსის გამოყენების თაობაზე, განხილვის პროცესშია. ხოლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივარი ლანჩხუთისა და თელავის საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს. ორივე განხილულ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა საჩივრები ზეპირი სხდომის, განმცხადებლების მოსმენისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე განიხილეს და გადაწყვეტილებები მიიღეს.
გარდა ამისა, საიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების წილისყრის პროცედურაზე დაკვირვებისას მე-9 საარჩევნო ოლქის მე-19 უბანზე გამოვლენილ დარღვევაზე (გადასატანი ყუთის წამღები კომისიის მეორე წევრი პირდაპირი წესით აირჩიეს) შეიტანა საჩივარი. საჩივრის საფუძველზე, კომისიამ წილისყრის პროცედურა თავიდან ჩაატარა და წევრთა ფუნქციები ხელახლა გადაანაწილა”, – ნათქვამია საიას ოფიციალურ განცხადებაში.