საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიების მონიტორინგის პერიოდში ორგანიზაციამ 9 ინციდენტი შეაფასა, რომელიც ძალადობის, სიტყვიერი დაპირისპირების და კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებს მოიცავს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც ქურდოვანიძემ განმარტა, მათ მიერ იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან 4 წარმოადგენს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობას; 2 – სხვისი ნივთის სავარაუდო დაზიანებას; 3 კი, კამპანიაში/აქტივიზმში სავარაუდო ხელშეშლას.
მისივე განცხადებით, აღნიშნული შემთხვევებიდან 6 განხორციელდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ; 2 – მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ხოლო 1 – პლატფორმა „აირჩიე ევროპის“ წინააღმდეგ.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია („საია“) განაგრძობს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას. წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებასთან ერთად მოიმატა ძალადობის, სიტყვიერი დაპირისპირების და კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებმა.
სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ძალადობრივი ქმედებები საია-მ რამდენიმე რეგიონში გამოავლინა. ორგანიზაციის მიერ დამუშავებული ფაქტები მოიცავს როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე სხვისი ნივთის დაზიანების, კამპანიისთვის ხელშეშლის და სხვა სავარაუდო დანაშაულის შემცველ ინციდენტებს. სამართლიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად არსებითად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკუთარი აქტივობების მშვიდ და არაძალადობრივ გარემოში წარმართვის შესაძლებლობა, ასევე ფიზიკური უსაფრთხოების განცდა.
საია-მ მონიტორინგის ფარგლებში 9 ინციდენტი შეაფასა. იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან: 4 წარმოადგენს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობას; 2 – სხვისი ნივთის სავარაუდო დაზიანებას; 3 – კამპანიაში/აქტივიზმში სავარაუდო ხელშეშლას. იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან 6 განხორციელდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ; 2 – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ხოლო 1 – პლატფორმა „აირჩიე ევროპის“ წინააღმდეგ.
მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ეფექტიანად მოხდეს სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების გამოძიება. გაჭიანურებული გამოძიება გააუარესებს საარჩევნო გარემოს. ამიტომ, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, რომ ყველა ის ფაქტი გამოიძიონ, რომელიც სავარაუდოდ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს. თუმცა, ამ დროისათვის უმეტეს შემთხვევებზე პასუხი არ არის გაცემული. ამიტომ, მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა თვითონვე, თავიანთი ინიციატივით უზრუნველყონ საზოგადოებას პერიოდული ინფორმირება ამ ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობის პროგრესის შესახებ“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!