საია: წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური შეხედულების გამო, 3 საჯარო სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა 4 საქმე, სადაც პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება იკვეთება.
ორგანიზაციის ცნობით, იდენტიფიცირებული 4 შემთხვევიდან 3 შეეხება საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს, რომლებიც სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე ან რუსულ კანონთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს.
“კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე არჩევა ხდება შესაბამისი კონკურსის საფუძველზე, სპეციალურ კომისიასთან გასაუბრებით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლის სამეურვეო საბჭო იღებს. იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭო ვერ ახერხებს დირექტორის არჩევას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს აქვს უფლებამოსილება, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თავად დანიშნოს დირექტორი.
მოქმედმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, ერთ-ერთი ბოლო კონკურსის გამოცხადების წინ, 2023 წლის დეკემბერში აღნიშნა, რომ იგი დისკრეციულ უფლებამოსილებას ამჯერად არ გამოიყენებდა და სამინისტროს „გემოვნებას თავს არ მოახვევდა“ სკოლებს. დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იქნებოდა გამოყენებული” – ნათქვამია განცხადებაში.
საიას ცნობით, შესწავლილი საქმეებიდან ორ შემთხვევაში, სკოლების დირექტორების მოვალეობის შემსრულებლები მონაწილეობდნენ 2024 წელს გამოცხადებულ კონკურსში, თუმცა, კონკურსის ეტაპზე კომისიაზე გასაუბრების შემდგომ, მათი კანდიდატურები არ წარედგინა სამეურვეო საბჭოებს.
“საყურადღებოა, რომ მათ პოზიციებზე განმწესებულმა ახალმა დირექტორობის კანდიდატებმაც ვერ მოიპოვეს სკოლების სამეურვეო საბჭოების მხარდაჭერა. შესაბამისად, ძველი დირექტორები აგრძელებდნენ დირექტორის უფლებამოსილებებს. 2024 წლის აგვისტოში, სამივე მათგანი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან და მათ ნაცვლად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით, დანიშნა ახალი დირექტორები. სამივე გათავისუფლებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, პოზიციიდან დათხოვნის რეალური მიზეზი ქართული ოცნებისთვის მიუღებელი მათი შეხედულებები იყო”- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით,მათ მიერ შესწავლილი მეოთხე შემთხვევა შეეხება სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებიდან 1 პირის გათავისუფლებას.
“მოცემულ შემთხვევაში, გათავისუფლებული პირის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობამ მას მოსთხოვა სამუშაო პროგრამიდან იმ ნაწილის ამოღება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობდა. ამის შემდეგ, როგორც თავად აღნიშნავს, გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, მას პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებების დაწერა “ურჩია”.