საია: შსს ისევ არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ ისევ არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და აგრძელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობას.
საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დარღვევა და ხელი აიღოს აქციების დარბევის კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ და ძალადობრივ პრაქტიკაზე.
ორგანიზაცია, ასევე მოუწოდებს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები და შეახსენებენ მათ, რომ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულებების შესრულება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია.
“მიმდინარე აქციას მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა და კვლავ აქვს მშვიდობიანი ხასიათი. მიუხედავად ამისა, საპოლიციო ძალებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიწყეს აქციის დარბევა ძალადობრივი მეთოდებით, მათ შორის, სპეციალური საშუალებების გამოყენების წესის დარღვევით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ ლოკალური ხასიათის ინციდენტებზე რეაგირებამ არსებითი გავლენა არ უნდა მოახდინოს მთლიანი აქციის მიმდინარეობაზე”, – წერია განცხადებაში.
პარლამენტის შენობასთან დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო “აგენტების კანონი” – დაკავებულთა რაოდენობის დაზუსტება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
საქართველოს პარლამენტმა “რუსულ კანონად” წოდებული სადავო კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს მიიღო – მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
“აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება – საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.

ასევე დაგაინტერესებთ