საია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უფლებრივი კუთხით პრობლემური იყო იმ დაკავებულებზე ინფორმაციის მოძიება, რომლებიც სამართალდამცველებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდათ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უფლებრივი კუთხით პრობლემური იყო იმ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომლებიც სამართალდამცველებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდათ – ამასთან, გამოიკვეთა, რომ ზოგჯერ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაზიანებების დეტალურ აღრიცხვას არ აწარმოებენ, რაც პრობლემურია, მათ შორის, გამოძიების სათანადოდ წარმართვისთვის,- ამის შესახებ საია-ს სპეციალურ ანგარიშშია აღნიშნული სახელწოდებით – „საქართველო: ადამიანის უფლებები „რუსული კანონის“ პირისპირ“.
ანგარიშის თანახმად, დაკავებულების ნაწილი გადაჰყავდათ სხვა ქალაქების იზოლატორბში, რაც უფრო ართულებდა მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.
„2024 წლის აპრილი-მაისის პერიოდში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, საია-ს ინფორმაციით, დაახლოებით 210-ამდე პირი დააკავეს. მათთან მიმართებით მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა. უსაფუძვლო ადმინისტრაციული დაკავებები ემსახურება საპროტესტო აქციის მუხტის ჩახშობას და მოქალაქეების დაშინებას. დაკავებულთა უფლებრივი კუთხით პრობლემური იყო იმ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომლებიც სამართალდამცველებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდათ, რადგან ადვოკატისა და ოჯახის მხრიდან დროულად ვერ ხერხდებოდა მათი ადგილსამყოფლის დადგენა. რამდენიმე შემთხვევაში, დაზიანებების მქონე დაკავებულები სამედიცინო დაწესებულებებში სამართალდამცავი პირების მიერ მიყვანილ გადაუდებელ პაციენტებად არ დაარეგისტრირეს. ასეთ დროს დაკავებულებს თავად უწევთ მკურნალობის გარკვეული ხარჯების დაფარვა.
ამასთანავე, ზოგიერთ საქმეში გამოიკვეთა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაზიანებების დეტალურ აღრიცხვას არ აწარმოებენ, რაც პრობლემურია, მათ შორის, გამოძიების სათანადოდ წარმართვისთვის. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, თბილისის იზოლატორების გარდა, დაკავებული პირები გადაჰყავდათ სხვა ქალაქების იზოლატორებშიც – გორში, ხაშურში, თელავსა და დუშეთში, რაც მათი მოძიების პროცესს კიდევ უფრო ურთულებდა ოჯახს, ადვოკატებსა და უფლებადამცველებს. გამოვლინდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა დაკავების ვადის დაუსაბუთებლად გახანგრძლივება. შეინიშნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, უმეტესად, დაუსაბუთებლად გაახანგრძლივოს დაკავების 24-საათიანი ვადა 48 საათამდე“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად