საია-ს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – სამართლებრივი ბრძოლა არ შეგვწყვეტია – სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი გაუქმდება

ბუნებრივია, ვაგრძელებთ ბრძოლას. არ შეგვწყვეტია სამართლებრივი ბრძოლა ამ გადაწყვეტილების შემდეგ – სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი უპირობოდ იქნება გაუქმებული,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გამოცხადდა პრობლემურია. ჩვენ ვითხოვდით და ვასაბუთებდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეჩერებინა რუსული კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება. ეს არ გააკეთეს. საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიული შანსი ჰქონდა, გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ამ კანონზე და მისი შეჩერებით პოზიტიური როლი შეესრულებინა კანონის გაუქმების პროცესში.
როგორც აღმოჩნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ბუნებრივია, ვაგრძელებთ ბრძოლას, არ შეგვიწყვეტია სამართლებრივი ბრძოლა ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ეს საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება, ის განიხილება არსებითად, მოხდება შეფასება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება თუ არა ზოგადად ნორმები, მანამდე განიხილებოდა შეჩერდეს თუ – არა. ჩვენ, ცხადია, სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი უპირობოდ იქნება გაუქმებული“,- აღნიშნა ქურდოვანიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორმა მოსამართლემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრებაც გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ორი მოსამართლე – გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში მიიჩნევენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო ნორმების მოქმედება.
საუბარია ნორმებზე, რომლებიც ითვალისწინებს: ორგანიზაციების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას, ასევე, ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი ნულოვანი აქვს, ხაზარაძემ შეიძლება გადალახოს, შეიძლება ვერა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობას მათი ცოდვები შევახსენოთ, რომ თუნდაც ერთი ხმაც ვერ მიიღონ