საია-ს თავმჯდომარე – მართლმსაჯულების სისტემაში სისტემური გამოწვევები არის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ და სტუდია „მონიტორმა“ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის – „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“ – გახსნით ღონისძიებას უმასპინძლეს. ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი 2024 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის დეკემბერს დასრულდება. პროექტის მიზანია სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის, დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა, მათ შორის, სასამართლო რეფორმების ჩათვლით.
როგორც საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემური პრობლემები არსებობს და მათი მოგვარება ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. 9 ნაბიჯი, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით განსაზღვრა, ერთ-ერთ საკითხად მართლმსაჯულების რეფორმას ითვალისწინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ, მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელება არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ ველოდებით კიდევ შეფასებას, როგორ შეასრულებს საქართველო იმ 9 ნაბიჯს, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა. მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევები საზოგადოებამ კარგად იცის, ეს განსაკუთრებით მიემართება იმას, რომ ამ სისტემაში დამოუკიდებლობის პრობლემა არსებობს, ასევე არსებობს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფი, რომელიც სამწუხაროდ, ფლობს არაერთ ინსტრუმენტს იმისა, რომ გააკონტროლოს ინდივიდუალური მოსამართლეების გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ. მართლმსაჯულების სისტემაში სისტემური გამოწვევები არის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით”,-განაცხადა ქურდოვანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ