საია-ს ანგარიში წინასაარჩევნო გარემოზე

“მძაფრი პოლარიზაცია, ურთიერთბრალდებები და ნაკლები აქცენტი საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე” – ასე აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე პერიოდს.
გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-2 შუალედური ანგარიში ორგანიზაციამ დღეს, 26 სექტემბერს გამოაქვეყნა. მონიტორინგის პერიოდი მოიცავს 2-თვიან პერიოდს წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე – 1-ელი ივლისიდან 26 აგვისტომდე.
გთავაზობთ საია-ს მონიტორინგის ძირითად მიგნებებს მოკლედ:
პოლიტიკური კონტექსტი
მართალია, საარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს გაიხსნა, მაგრამ პარტიებმა არაოფიციალური კამპანია იქამდეც დაიწყეს. საია-ს შეფასებით, ამ პერიოდში საკუთარ საარჩევნო პროგრამებზე აქცენტირების ნაცვლად, პარტიები ურთიერთბრალდებებით იყვნენ დაკავებულები.
“მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო გამოსვლებსა და განცხადებებში პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებას ცდილობდნენ და მათ მოღალატეობრივ ქმედებებში ადანაშაულებდნენ. ოპოზიციის უდიდეს ნაწილს ისინი “გარედან მართულ [აგენტებად]” და “ბოროტ ძალად” მოიხსენიებდნენ. “ქართული ოცნების” მხრიდან კვლავ აქტუალური იყო ანტიდასავლური რიტორიკა, ომისა და მშვიდობის საკითხები, ანტი-ლგბტქ გზავნილები, წინა ხელისუფლების დასჯის რიტორიკა. გარდა ამისა, გრძელდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციის მიზნით წარმოებული კამპანია. ოპოზიციური პარტიების უმეტესობისთვის უმთავრესი არგუმენტი იყო მმართველი პარტიის ანტიევროპული ქმედებები და რიტორიკა. 2024 წლის საპარლამენტო ს წინა პერიოდს კვლავ თან სდევდა დაპირისპირება მმართველ პარტიასა საქართველოს პრეზიდენტს შორის”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
მნიშვნელოვანია, რომ როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია 26 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს. თუ ოპოზიციისთვის არჩევანი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და რუსეთს შორისაა, “ქართული ოცნება” ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებას ომსა და მშვიდობას შორის სთავაზობს.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირება
საია ეხმიანება მმართველი პარტიის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას – ოპოზიციური პარტიების აკრძალვას. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პარტიის აკრძალვის პრეროგატივა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს. შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელის მომზადება შეუძლია პრეზიდენტს, მინიმუმ 30 დეპუტატს, ან მთავრობას.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ “ქართულ ოცნებას” აქვს საკმარისი სამართლებრივი არგუმენტები რომელიმე პოლიტიკური პარტიის ასაკრძალად, ამის გაკეთება აქამდეც შეეძლო. მას არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომლის მისაღებადაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო “ქუდზე კაცის გამოსვლას” ითხოვს. საია-ს შეფასებით, “ქართული ოცნების” ეს მიდგომა მოკლებულია სამართლებრივ ლოგიკას.
“დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია პოლიტიკური პლურალიზმი და ოპოზიციური პარტიების თავისუფალი მოქმედების უფლება. მათი აკრძალვის მუქარა კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ პრინციპს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ სისტემას […] მსგავსი რიტორიკა პრობლემურია, რადგან ის მიზნად ისახავს ოპონენტების სტიგმატიზაციას და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში ნიჰილიზმის გაღვივებას. სამართლიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი ხმის მნიშვნელობის შეგრძნება და არა იმის განცდა, რომ არჩევნებში მისი მონაწილეობა ფუჭია, რადგან მის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს”, – აცხადებენ საია-ში.
საუბნო კომისიების წილისყრის პროცედურის ცვლილება
ანგარიშში საუბარია -ს დადგენილებაზე, რომლითაც შეიცვალა საუბნო კომისიების წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილების წესი: თუ იქამდე წილისყრა არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის გახსნამდე ტარდებოდა, ახლა ეს პროცედურა 1 კვირით ადრე ჩატარდება.
ოპოზიციურმა კოალიციამ “ძლიერი საქართველო” ცესკო-ს ეს დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლომ ცესკო-ს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
საია-ს შეფასებით, ცვლილება აუარესებს საარჩევნო კანონმდებლობას, ართულებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობას და გაუმჭვირვალეს ხდის პროცესს.
“არსებითად მნიშვნელოვანია, რომ წილისყრის პროცედურის არჩევნების დღეს ჩატარება არ უკავშირდება საკითხის მხოლოდ ლოგისტიკურ გადაწყვეტას. იგი, მათ შორის, უზრუნველყოფს გამჭვირვალობის პრინციპების დაცვას, ზრდის საარჩევნო პროცესებისადმი ნდობას და აზღვევს კომისიის ცალკეული წევრების მიმართ შესაძლო დაშინების და ზეწოლის შემთხვევებს […] სადავო დადგენილების პრეამბულაში აქცენტი კეთდება ჰიპოთეზურ პრობლემაზე და არ არის დასაბუთებული ამ წესის მიღების გარდაუვალობა ან აუცილებლობა”, – აცხადებენ საია-ში.
კამპანიაში ხელის შეშლა და თავდასხმები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე
საანგარიშო პერიოდში საია-მ აღრიცხა საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლისა და ოპოზიციონერ ლიდერებზე თავდასხმის შემთხვევები. ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ფაქტები ზრდის პოლარიზაციის და კონფრონტაციის დონეს, რაც ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდზე და საფრთხეს უქმნის თავად არჩევნების დღის მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას.
“წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ და არაძალადობრივ გარემოში ჩატარება კენჭისყრის დღეს მოქალაქეთა მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის წინაპირობაა. თითოეულ ფაქტზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ამ ღირებულებებს, სახელმწიფოს მყისიერი და მიუკერძოებელი რეაგირება ევალება. არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ძალადობრივი ხერხების გამოყენებით ამომრჩეველზე წინდაწინ, ირიბად მოახდენს გავლენას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ანგარიშში განხილულია “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერზე, ზე თავდასხმის შემთხვევა. ასევე, ექსპრემიერ გიორგი გახარიასთვის, ბათუმში, მოქალაქეებთან შეხვედრისას “ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ ხელის შეშლის მცდელობა.
საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევები
საია-ს აქამდეც არაერთხელ უსაუბრია ბოლო თვეების განმავლობაში, საჯარო სამსახურებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევებზე.
ანგარიშში განხილულია პროფესიული უნარების სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, კლეოპატრა ქარუმაშვილის საქმე. ის ფიქრობს, რომ სამსახურიდან ხელისუფლებისთვის მიუღებელი კრიტიკული პოზიციების გამო გაათავისუფლეს.
სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დირექტორთა გათავისუფლების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ნეტგაზეთის სტატიას: რამდენიმე პედაგოგი ამბობს, რომ სკოლის დირექტორობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
წინასაარჩევნო გარემოს საია-ს 9 რეგიონული ოფისის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.
ანგარიშს სრულად შეგიძლიათ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
ასევე, წაიკითხეთ საია-ს სადამკვირვებლო მისიის 1-ელი შუალედური ანგარიში:
· პოლიტიკური გარემოს შეფასება წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე – საია-ს ანგარიში