საია საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 4 შემთხვევაზე საუბრობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), საარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში, საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშით გათავისუფლების ოთხი შემთხვევა აღწერა.
სადამკვირვებლო მისიის მიერ აღწერილი შემთხვევებიდან სამი საჯარო სკოლებში, დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელთა გათავისუფლებას ეხება. საუბარია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევისა და ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლებზე. გათავისუფლებული დირექტორების, შორენა შამათავასა და მინდია გველებიანის შესახებ “ნეტგაზეთმა” სტატია ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გამოაქვეყნა. რაც შეეხება მესამე დირექტორს, საია-ს ინფორმაციით, მან ვინაობის გამხელა არ ისურვა.
“სამივე გათავისუფლებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, პოზიციიდან დათხოვნის რეალური მიზეზი “ქართული ოცნებისთვის” მიუღებელი მათი შეხედულებები იყო”, – აცხადებენ საია-ში.
საია-ს მიერ აღწერილი კიდევ ერთი შემთხვევა ეხება კლეოპატრა ქარუმაშვილს, რომელიც ამბობს, რომ საბიუჯეტო დაწესებულებიდან, პროფესიული უნარების სააგენტოდან გაათავისუფლეს. როგორც ქარუმაშვილი ამბობს, თავდაპირველად ხელმძღვანელმა მას სამსახურიდან წასვლა “ურჩია”. ამ საუბრის დროს, ხელმძღვანელმა ყურადღება გაუმახვილა მის პოლიტიკურ მოსაზრებებზე, სააგენტოში განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, სოციალურ ქსელში გაზიარებულ კრიტიკულ პოსტებზე და სხვა პირების პოსტებზე მის რეაქციებზე. მას შემდეგ, რაც ქარუმაშვილი საკუთარი ნებით არ წავიდა სამსახურიდან, რის შემდეგაც ის რეორგანიზაციის საფუძველზე გაათავისუფლეს.
“პირის გათავისუფლება მისი კრიტიკული მოსაზრებების ფონზე, და როდესაც მისი თქმით, რეორგანიზაციის კადრების შემცირება არ მოჰყოლია, ასევე, პოზიცია არ გაუქმებულა და მოხელის კომპეტენციაც ეჭვქვეშ არ დამდგარა, საფუძვლიან ეჭვებს აჩენს განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ საია-ში.
ორგანიზაცია ამ დროისთვის სწავლობს საჯარო სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშით გათავისუფლების კიდევ ორ შემთხვევას. მათ შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია მოგვიანებით გაავრცელებს.
ამავე თემაზე:
· რამდენიმე პედაგოგი ამბობს, რომ სკოლის დირექტორობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
· “აირჩიე: პოლიტიკა, ან სამსახურიო” – პავლე ნიავაძის ისტორია

ასევე დაგაინტერესებთ