საქართველოში ავტორიტარიზმის სწრაფი კონსოლიდაცია, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ადამიანის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა მნიშვნელოვნად აზიანებს ქალთა უფლებებს და მდგომარეობას ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.
საია ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” გენდერული თანასწორობის მრავალი გამოწვევის დაძლევის ნაცვლად, თავად იყენებს გენდერულ სტერეოტიპებს, დეზინფორმაციას და შეურაცხყოფას, როგორც ძალაუფლების გამყარების იარაღს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაციის“ პრაქტიკებს ის არასაკმარისი პროგრესიც კი ეწირება, რომელიც ქვეყანას ქალთა უფლებების დაცვის კუთხით 2024 წლამდე ჰქონდა.
„8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ქალთა და მამაკაცთა შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა, ქალთა და გოგონათა განვითარების შესაძლებლობების შექმნა და გენდერულად მოტივირებული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებებია.
საქართველოში ავტორიტარიზმის სწრაფი კონსოლიდაცია, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ადამიანის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა მნიშვნელოვნად აზიანებს ქალთა უფლებებს და მდგომარეობას ქვეყანაში. “ქართული ოცნება” გენდერული თანასწორობის მრავალი გამოწვევის დაძლევის ნაცვლად, თავად იყენებს გენდერულ სტერეოტიპებს, დეზინფორმაციას და შეურაცხყოფას, როგორც ძალაუფლების გამყარების იარაღს.
აღსანიშნავია, რომ დღემდე ეფექტიანი გამოძიების გარეშე რჩება 2024-2025 წლებში საპროტესტო აქციების ქალი მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფისა და ძალადობის გამოყენების შემთხვევები. ამასთან, 2025 წელს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა არაერთმა პირმა, მათ შორის, ქალებმა, განაცხადეს, რომ დაკავების შემდგომ მათ იძულებით სრულად აშიშვლებდნენ პირადი ჩხრეკის/დათვალიერების საბაბით აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნად ისახავს დაკავებულების ჩაყენებას მოწყვლად, ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მდგომარეობაში.
მაშინ, როდესაც გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირების ერთ-ერთი მთავარი რგოლი, პოლიცია, თავად ავლენს სექსისტურ, შეუწყნარებელ დამოკიდებულებას ქალების მიმართ, რასაც დაუსჯელობით ახალისებს და მხარს უჭერს სახელმწიფო, ძირს ეთხრება სახელმწიფო მექანიზმებისადმი ისედაც მყიფე ნდობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან და ხალისდება ძალადობისა და უთანასწორობის ზოგადი გარემო.
ამასთან, ანტიგენდერული, დისკრიმინაციული ნარატივები კვლავ აქტიურად გამოიყენება ავტორიტარული ტენდენციების გამართლებისათვის. 2025 წელს ქართულმა ოცნებამ კანონმდებლობიდან ტერმინი „გენდერი“ სრულად ამოიღო. საკანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება მცდარ, დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს “უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლების აქტიური ლობირებით, მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის – „გენდერის“ დანერგვა”. სინამდვილეში, სტამბოლის კონვენციის მიხედვით, ტერმინი “გენდერი” გულისხმობს სოციალურად კონსტრუირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას ან მახასიათებლებს, რომლებსაც საზოგადოება შესაფერისად მიიჩნევს ქალის ან მამაკაცისათვის. გარკვეული როლები ან სტერეოტიპები ხელს უწყობს არასასურველ და საზიანო პრაქტიკას და ქალთა მიმართ ძალადობისადმი მიმღებლობას. სტამბოლის კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გააზრებული უნდა იყოს გენდერულ ჭრილში, რაც უნდა იქცეს ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერაზე მიმართული ღონისძიებების საფუძვლად. კანონმდებლობიდან გენდერის ცნების გაქრობა არ არის მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილება და ძირს უთხრის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას, ქმნის საფუძველს ძალადობის თუ უთანასწორობის გენდერული პერსპექტივის გაუთვალისწინებლობის, სოციალური და კულტურული ფაქტორების უგულებელყოფისთვის, რაც პრობლემებთან სისტემურ და საფუძვლიან ბრძოლას მნიშვნელოვნად ართულებს.
ამასთან, კვლავ ძალაშია ქართული ოცნების მიერ, 2024 წლის სექტემბერში მიღებული ჰომოფობიური/ტრანსფობიური კანონები, რომლებიც სიძულვილის შემცველ ნარატივებს და გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციულ ნარატივებს ეფუძნება, სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მსგავსად, სხვა კანონების მსგავსად, მიღებულია დემოკრატიული ჩართულობის, ექსპერტების და საზოგადოების სხვა ჯგუფების მონაწილეობის გარეშე და შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან.
ამის პარალელურად გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, რაც არსებითი თანასწორობის მიღწევის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს.
მიუხედავად უფლებადამცველთა მიერ წლების განმავლობაში გაწეული ადვოკატირებისა, საქართველოს კანონმდებლობა, რიგ შემთხვევებში კვლავ შეუთავსებელია სტამბოლის კონვენციის სტანდარტებთან. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს გაუპატიურების საკანონმდებლო განმარტება წარმოადგენს, რომელიც ნაცვლად თანხმობის არსებობისა, კვლავ ძალადობის კომპონენტზე აკეთებს მითითებას.
გამოწვევას წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სამართალდამცავი პირების არასაკმარისი და არაეფექტიანი რეაგირება, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების ყოველმხრივი გამოძიებისა და დაზარალებულების ეფექტიანი დაცვის ნაკლებობა, კანონის არასწორი განმარტების გამო გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რისკის შეფასებასა და შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმა.
პრობლემურია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით, ერთი მხრივ, საინფორმაციო კამპანიების ნაკლებობა საზოგადოებისთვის, მეორე მხრივ, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები პროფესიონალთათვის. წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა ინსტიტუციას შორის კოორდინირებული მუშაობა ძალადობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის, ადრეული ქორწინების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.
ამასთან, გამოწვევად რჩება ქალების საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის მიერ 2026 წლის თებერვალში გამოქვეყნებული დასკვნითი შეფასებებში კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის, გამო, და აღნიშნავს, რომ ეს იწვევს ქალებისთვის ზრუნვისა და შინ შრომის არაპროპორციულად დიდი, აუნაზღაურებელი ტვირთის დაკისრებას, რაც აფერხებს მათ სრულ და თანაბარ მონაწილეობას შრომის ბაზარზე და ზღუდავს მათ წარმომადგენლობას გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე.კომიტეტი ასევე შეშფოთებულია ქალთა კონცენტრაციით ნაკლებად ანაზღაურებად დასაქმების სექტორებში, რაც ხელს უწყობს ანაზღაურებაში გენდერით განპირობებული სხვაობის არსებობას.კომიტეტმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ქალების სიღარიბის შედარებით მაღალი მაჩვენებლის გამო.
ფართოდ გავრცელებულ პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე ქალების სექსუალური შევიწროება.შემაშფოთებელია, რომ კვლევების მიხედვით, სექსუალური შევიწროების შემთხვევათა უმეტესობა შეტყობინების გარეშე რჩება.
ზემოთ განხილული გამოწვევების ფონზე, “ქართული ოცნება” სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებითა და კანონმდებლობით კიდევ უფრო ზღუდავს ქალებისა და გოგოების შესაძლებლობას, მიიღონ იურიდიული დახმარება და ისარგებლონ მხარდამჭერი სერვისებით. სამოქალაქო სივრცის განადგურება ასევე ზღუდავს ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შესაძლებლობას და გენდერული თანასწორობისათვის ადვოკატირებას “უცხოური გავლენის იდეოლოგიის ლობირებად” წარმოაჩენს. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაციის პრაქტიკებს ის არასაკმარისი პროგრესიც კი ეწირება, რომელიც ქვეყანას ქალთა უფლებების დაცვის კუთხით 2024 წლამდე ჰქონდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.




