საია: სასამართლომ შსს-ს გოგა რაზმაძის ნაცვლად სხვა თანამშრომლის დანიშვნა აუკრძალა

არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცაცია აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აუკრძალა გათავისუფლებული თანამშრომლის, გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა ადამიანის დანიშვნა. რაზმაძე სისტმაში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა, რამდენიმე თვეში კი გაათავისუფლეს.
საიას ინფორმაციით, 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, სასამართლომ გაიზიარა -ს ყოფილი თანამშრომლის მოსაზრება.
გოგა რაზმაძის სახელი და გვარი საზოგადოებისთვის გასულ ზაფხულში გახდა ცნობილი. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა სოციალურ მედიაში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და ხმამაღლა ილაპარაკა უწყებაში არსებულ პრობლემებზე და მის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე. რაზმაძემ უწყება აზრის გამოხატვის შეზღუდვაში დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ უახლოეს პერიოდში, სამსახურიდან დაითხოვდნენ.
“12 ივლისს, გოგა რაზმაძემ, რომელიც იმ პერიოდისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო და იკავებდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციას, სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც იგი საუბრობდა მის მიმართ სამინისტროში დისკრიმინაციისა და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტებზე”, – აღნიშნავს საია.
10 ნოემბერს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შსს-დან გაათავისუფლეს.
„ჩემი რამდენიმეთვიანი ბრძოლა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდა“, – თქვა მაშინ მან.
გოგა რაზმაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 24 ნოემბერს მიმართა.