საია: პროკურატურა და სასამართლო ოკმელაშვილის საქმის განხილვას ხელოვნურად აჭიანურებენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ფროდაქშენ სტუდია limoni.video-ს დამფუძნებლის, გიორგი ოკმელაშვილის საქმე ხელოვნურად ჭიანურდება.
დღეს, 12 დეკემბრის სასამართლოში ახალი პროკურორი – როინ ხინთიბიძე გამოცხადდა და მან სხდომის გადადება იშუამდგომლა იმ მოტივით, რომ საქმის მასალებს არ იცნობდა. დაცვის მხარე შემდგომი დღისთვის ან უახლოეს პერიოდში სხდომის გადანიშვნას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და შემდეგი სხდომა 2025 წლის 10 იანვარს ჩანიშნა.
პროკურატურა ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმასა და მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას ედავება. ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს, ხოლო საქმის არსებითი განხილვა 16 ივლისს დაიწყო. როგორც საია-ში განმარტავენ, საქმეზე მხოლოდ 1 მოწმე დაიკითხა და სხვა ყველა მტკიცებულება უდავოდაა ცნობილი, საქმე დასასრულ ფაზაშია და მხოლოდ დასკვნითი სიტყვებია დარჩენილი, დაცვის მხარე კი უთითებს, რომ საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ 5-10 წუთი დასჭირდება. ამ პირობებში სასამართლომ 3 ოქტომბრის შემდგომ საქმის განხილვა ვერ დაასრულა.
“2024 წლის 15 ოქტომბერს ჩანიშნული სასამართლო სხდომა პროკურორის გამოუცხადებლობის მიზეზით გადაიდო ისე, რომ შემდგომი სხდომის კონკრეტული თარიღი არც განსაზღვრულა. ამის შემდგომ დაცვის მხარემ სასამართლოს რამდენიმე წერილით მიმართა სხდომის დროულად ჩანიშვნისა და გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, სასამართლომ დაცვის მხარის თხოვნა უგულებელყო და პრაქტიკულად ორი თვის შემდგომ – 12 დეკემბერს ჩანიშნა სხდომა, რაც პატიმრობის გადასინჯვისთვის დადგენილი მაქსიმალური ორთვიანი ვადაა.
დღევანდელ, 12 დეკემბრის, სასამართლო პროცესზე სისხლის სამართლის საქმეზე ახალი პროკურორი – როინ ხინთიბიძე გამოცხადდა და მან სხდომის გადადება იშუამდგომლა იმ მოტივით, რომ საქმის მასალებს არ იცნობდა. დაცვის მხარე შემდგომი დღისთვის ან უახლოეს პერიოდში სხდომის გადანიშვნას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, სხდომა გადადო და შემდგომი სხდომის თარიღად 2025 წლის 10 იანვარი განსაზღვრა.
ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვს, რომ საქართველოს პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი გელაშვილი, ხელოვნურად აჭიანურებენ საქმის განხილვას, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი ოკმელაშვილის შეწყალება თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში ვერ მოასწროს.
საქართველოს პროკურატურის ამგვარი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ აქტივისტების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები არ არის დაცლილი სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივებისგან, რაც შემაშფოთებელია და ძირს უთხრის პროკურატურის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, საქმიანობას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინა პერიოდშიც აღნიშნავდა, აპრილი-მაისის აქციების დროს დაკავებულ პირთა საქმეების განხილვის გაჭიანურების თაობაზე, მათ შორის საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის, ფრიდონ ბუბუტეიშვილის, გიორგი კუჭუაშვილისა და დავით კოლდარის საქმეებთან მიმართებით.