საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ორგანიზაციის ცნობით, ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს.
ამასთან, საია მიმართავს:
საქართველოს პროკურატურას – დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან მზია ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
***
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.