ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის საკითხზე და ცესკოს შემაჯამებელ ოქმისა და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.
საია ითხოვს სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღებას, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალება არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობასთან. მათ შორისაა: ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაში მონაწილეობა; პარლამენტისთვის არჩევნების შედეგების შეტყობინება და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიისთვის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის გადაცემა.
„პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის საკითხს გადაავადებს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ პარლამენტის პირველი სხდომა მაინც მოიწვევა. პირველი სხდომის პროცედურები ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის ჩართულობას. დღეს საიამ მიმართა სააპელაციო სასამართლოს, სადაც დამატებით ვითხოვთ სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღებას, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალება არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობასთან“, — აცხადებს საიას თავმჯდომარე.
საიას საჩივარში დამატებით მოთხოვნილია საქმეზე სამართალწარმოების შეჩერება საქართველოს პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც შეეხება არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა პრეზიდენტის სარჩელი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ.