საია – ვანო თარხნიშვილზე თავდასხმა არ წარმოადგენს იზოლირებულ ინციდენტს – ,,ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯისა და დაშინების საგანგაშო პრაქტიკას ადასტურებს

საია გმობს მუსიკოს ვანო თარხნიშვილზე თავდასხმას, რაც ,,ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯისა და დაშინების საგანგაშო პრაქტიკას ადასტურებს, – ამის შესახებ ნათქვამია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
“6 ივლისს, ვანო თარხნიშვილს თავს დაუდგენელი პირები დაესხნენ და მასზე ფიზიკურად იძალადეს. იგი ძალადობის ფაქტს მის მიერ ნამღერ, ქართული ოცნების მიმართ საპროტესტო სიმღერას – “ოლე ოლას” უკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ თავად თავდამსხმელების მიერ გადაღებული კადრები, რომელიც მუსიკოსზე ძალადობას ასახავს, მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერი, პროპაგანდისტული მედიასაშუალების “POSTV”-ს მეშვეობით. კადრებში ჩანს ჯგუფური თავდასხმა მუსიკოსზე, ფიზიკური ძალადობა, ასევე ისმის თავდამსხმელთა გინება და ფრაზა “პაბში როგორ გვაგინე”, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ თავდასხმის მოტივს, სავარაუდოდ, “ოლე ოლას” სიმღერის გამო მისი დასჯა წარმოადგენდა.
ვანო თარხნიშვილზე თავდასხმა არ წარმოადგენს იზოლირებულ ინციდენტს. აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნებისადმი კრიტიკულად განწყობილი ხელოვანების, აქტივისტების და პოლიტიკოსების მიმართ ფიზიკური თავდასხმები ხშირი მოვლენაა. აღნიშნულ თავდასხმებში, ზოგ შემთხვევაში უცნობი პირები, ზოგჯერ კი ქართული ოცნების მხარდამჭერები ან თანამდებობის პირები მონაწილეობენ. აღნიშნული ფაქტები, როგორც წესი, დამნაშევთა დაუსჯელობით მთავრდება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართული ოცნების მიერ გამიზნული თავდასხმების ხელშეწყობაზე.
მაგალითად, 22 ივნისს საპროტესტო აქციაზე ავტომობილი შევარდა და აქციის მონაწილე დააზიანა.2 ხუთ მაისს, აქციიდან დაბრუნებულ აქტივისტებს საცხოვრებელ კორპუსში, ლიფტთან თავს უცნობი პირები დაესხნენ, სახეში წიწაკის სპრეი და მწვანე საღებავი შეასხეს. 3
15 აპრილს მთავარი არხის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა ვატო შაქარაშვილი, რაც მან მოგვიანებით საჯაროდაც დაადასტურა, თუმცა მისი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.4
3 მარტს აქტივისტ დავით გაბუნიას, ასევე “ოლე ოლას” სიმღერის გამო, თავს ქართული ოცნების მხარდამჭერი, ქართული ოცნებიდან თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი დაესხა, ხელი დაარტყა და აგინა.5 მოგვიანებით, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიშა მესხმა განაცხადა, რომ მხარეები პატრულმა “ადგილზე შეარიგა” ხოლო მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ პარტია “ქართული ოცნების” წევრები (დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე) ჯგუფურად თავს დაესხნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს, ზვიად ქორიძეს, რისთვისაც მათი პასუხისმგებლობა დღემდე არ დამდგარა.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითებისა, აქტივისტებზე და პროტესტის მონაწილეებზე თავდასხმები ასევე ხშირი იყო 2024 წელს. 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციების განმავლობაში, არაიდენტიფიცირებული პირები აქციაზე სცემდნენ დემონსტრანტებს, ხვდებოდნენ ორგანიზატორებსა და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან თუ ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ. მესამე პირთა მხრიდან ძალადობა გამოვლინდა სტუდენტების მიმართაც. მაგალითად, 2024 წლის 18 და 25 მაისს,როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები ელოდებოდნენ ლექციის ჩასატარებლად მისულ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ს, კონკრეტული პირები ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდნენ სტუდენტებს.
2024 წლის 31 მაისს საჯაროდ გავრცელებული განცხადებისა და ვიდეოს შედეგად, ქართული ოცნებასა და არაიდენტიფიცირებულ თავდამსხმელებს შორის არსებული კავშირი კიდევ უფრო ნათელი გახდა: სოციალურ ქსელში ქართული ოცნების და პარლამენტის წევრმა, დიმიტრი სამხარაძემ გაავრცელა ვიდეოების კოლაჟი, რომელშიც ჩანდა, როგორ იყო დაზიანებული სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ოფისები. სამხარაძე აღიარებდა, რომ ეს ფაქტები მის მიერ არის ორგანიზებული და წერდა: […] ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! […]“.
ამასთან, მსგავსი სახის თავდასხმები ხშირი იყო, ასევე, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების პარალელურად: საპროტესტო აქციებზე და მათ მიღმა, გამოიკვეთა არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების ჟურნალისტებზე, პროტესტის მონაწილეებსა და ოპოზიციურად განწყობილ პირებზე თავდასხმის შემთხვევები, როდესაც ასეთი ფაქტების სიმრავლის პარალელურად პოლიციის უმოქმედობა მიუთითებდა, რომ დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და რეაგირებაზე უფლებამოსილ პირებში არსებობდა წინასწარი თანხმობა სადამსჯელო დაჯგუფებების მიერ დანაშაულის ჩადენაზე.
აშკარაა, რომ მსგავსი თავდასხმები და თავდასხმის ამსახველი ვიდეოების გავრცელება ქართული ოცნების მიმართ კრიტიკური გამოხატვისთვის ადამიანების დასჯას, განსხვავებული აზრის ჩახშობას და მოსახლეობის დაშინებას ისახავს მიზნად. ასეთი შემთხვევების სიხშირე და დამნაშავეთა დაუსჯელობა, ისევე, როგორც ქართული ოცნების თანამდებობის პირთა მიერ მათი წახალისება ან მათში უშუალოდ მონაწილეობა ძალადობის სისტემურობაზე და სახელმწიდოს ჩართულობაზე მიუთითებს”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.