საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს და მოითხოვს, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება.
ორგანიზაციის განცხადებაში საუბარია ტვ პირველის მიერ გავრცელებულ კადრებზე, რომელშიც ჩანს, როგორ უსწორდება ხარება ფიზიკურად აქციის მონაწილეს.
საიაში აცხადებენ, რომ ასევე, 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციების კონტექსტში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩადენილი განმეორებითი და სისტემური დანაშაული იწვევს ხარებას, როგორც მეთაურის პასუხისმგებლობას.
საია ასევე აღნიშნავს, რომ დღეს თბილისი მოლის მიმდებარედ პოლიციის მხრიდან შეკრების თავისუფლებაში ჩარევა უკანონო იყო.
“აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი შეკრება შესაძლოა იწვევდეს შეფერხებებს, მათ შორის, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, რის მიმართაც სახელმწიფომ ტოლერანტულობის გარკვეული ხარისხი უნდა გამოიჩინოს.2 იმის გათვალისწინებით, რომ მსვლელობის შედეგად ხდება მხოლოდ ერთ მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება ბუნებრივად, მცირე დროით, აღნიშნული ვერ ჩაითვლება “მაგისტრალის ბლოკირებად” ან ყოველდღიური ცხოვრების იმ ხარისხის შეფერხებად, რომელიც არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება და, რომელიც შსს-ს მიერ შეკრების თავისუფლებაში ჩარევისთვის გამოყენებულ ზომებს ამართლებს”- ნათქვამია განცხადებაში.
საია ასევე აღნიშნავს, რომ გარდა შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევისა, გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულებრივი პრაქტიკა.
“კერძოდ, საჯაროდ გავრცელებული კადრები მოწმობს, რომ შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ კვლავ მიმართავს არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას, რაც აბსოლუტურად აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს და რაც, შსს-ს ჩვეულ ხელწერად იქცა. ტვ პირველის მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ დაკავებულ პირზე ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობს გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, რომელთანაც დაკავებული პირი სამართალდამცავებს მიჰყავთ.
იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აქტივისტების მიმართ განხორციელებული წამება/არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული გამოძიება ამ დრომდე მოწმობს მის არაეფექტიანობას, მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი დეპარტამენტის ზემდგომ პროკურორს, განახორციელოს გამოძიების მიმდინარეობაზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა და მყისიერად აცნობოს საზოგადოებას დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე მოქმედებები.
ამასთან, ვითხოვთ, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება, რადგან, გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს საპოლიციო ძალების ეფექტიან კონტროლს დაქვემდებარებულ ადამიანზე ზვიად ხარაზიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობა”- ნათქვამია განცხადებაში.