საია: გაზისა და წყლის ჭავლის პარალელური გამოყენება შს მინისტრის ბრძანებითვე აკრძალულია

საია ეხმიანება -ს განცხადებას, რომელშიც უწყება, ფაქტობრივად, ადასტურებს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა მიმართ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის პარალელურ გამოყენებას, თუმცა ირწმუნება, რომ აღნიშნული არ არღვევს საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას.
საია შსს-ს შეახსენებს, რომ ასეთი აკრძალვა არსებობს შს მინისტრის N1002 ბრძანებაშიც, რომელიც განსაზღვრავს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას, რომლის თანახმად, აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენება აკრძალულია.
საიას თანახმად, ასევე, ასეთ მიგნებას ციტირებს ევროპული სასამართლო 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“,და ადასტურებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ამ საშუალებების ერთმანეთის პარალელურად და ერთდროულად გამოყენება.
„ეს ბრძანება საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის ოფიციალურ მაცნეში, საიამ ის სამინისტროდან სხვადასხვა აქციის მონიტორინგის დროს გამოითხოვა. უცნობია, რაზე დაყრდნობით აცხადებს შსს, რომ აქტიური სპეციალური საშუალებების ერთდროულად გამოყენების ამკრძალავი ნორმა არ არსებობს, და თუ ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ შსს-მ აქციების დაშლის ოპერაციების ინსტრუქცია გააუარესა და აღნიშნული ნორმა შეცვალა“, — ნათქვამია საიას განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე ხაზს უსვამს, რომ შსს-ს განცხადებაში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, არასწორი კონტექსტით არის ციტირებული „ამნესთი ინთერნეიშენალის” სახელმძღვანელო დოკუმენტის ტექსტიც.
„დოკუმენტის მიხედვით, წყლის ჭავლში შესაძლოა შერეული იყოს ქიმიური ნივთიერებები და საღებავი, თუმცა დოკუმენტი სწორედ აღნიშნული პრაქტიკის უარყოფით შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას და მის მიხედვით, „წყლისა და ქიმიური საშუალებების შერევა შეუძლებელს ხდის გაკონტროლდეს გამაღიზიანებელი საშუალების რაოდენობა და დამატებით, შესაძლოა, ჰქონდეს ხანგრძლივი ეფექტი ინდივიდზე”. უფრო მეტიც, “ამნესთი ინთერნეიშენალის” სახელმძღვანელო მითითებები ცალსახად კრძალავს წლის ჭავლის გამოყენებას ქიმიურ საშუალებებთან ან საღებავთან ერთად“, — ნათქვამია საიას განცხადებაში.
ამასთან, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, თავად სამინისტროს განცხადებაში ციტირებული სახელმძღვანელოების მიხედვით, აღნიშნული სპეციალური საშუალებები შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ პროპორციულად, კანონიერად და მინიმალური ინტენსივობით.
„წყლის ჭავლიც და ცრემლსადენი გაზიც გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს მკაცრად აუცილებელია შეკრებაში მონაწილე ჯგუფის სამართავად და ძალადობამ ისეთ ხარისხს მიაღწია, როდესაც საფრთხის კონტროლი პირდაპირ ძალადობრივი ინდივიდებისადმი მიმართული ზომების მიღებით შეუძლებელია, თუმცა აღნიშნული საშუალებები არ უნდა იყოს გამოყენებული ერთდროულად, ან ერთმანეთის პარალელურად. აღნიშნულის საპირისპიროდ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავები სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, შესაბამისი საფუძვლის და აუცილებლობის გარეშე; ადგილი ჰქონდა სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული სტანდარტების და ადამიანის უფლებების ისეთ მძიმე დარღვევებსაც კი, როგორიცაა შესაძლო წამება და არაადამიანური მოპყრობა“, — ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია შსს-ს მოუწოდებს, გაასაჯაროოს შს მინისტრის N1002-ე ბრძანება და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, შეიცვალა თუ არა ნორმა, რომელიც სამართალდამცავს უკრძალავდა აქტიური სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის, ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.
ტელეკომპანია „პირველის” გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის” ინფორმაციით, გაზაფხულზე, რუსული კანონის მიღების დროს გამოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ წყლის ჭავლში ცრემლსადენ გაზს ურევდნენ. შსს აცხადებს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას”.