საიას ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა

საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა.
როგორც ცნობილია, კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა.
მომჩივანი მხარე შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების, დისკრიმინაციის, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების დარღვევებზე დავობს.
„ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia დაარეგისტრირა, ხსენებული ფაქტი, კიდევ ერთხელ ააშკარავებს და ამხელს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რუსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა. მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე დავობენ”, – წერია ინფორმაციაში, რომელსაც საია ავრცელებს.