შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია არ ეთანხმება შსს-ს და აღნიშნავს, რომ პარლამენტის შესასვლელებთან არა დემონსტრანტები, არამედ პოლიცია დგას.
„2024 წლის 12 მაისის 22:00 საათიდან საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს მშვიდობიანი აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ.
დაახლოებით დილის 05:30 საათისთვის თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირზე განლაგდნენ ე.წ. რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები.
05:37 საათზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დააანონსა, რომ თუ დემონსტრანტები არ გაათავისუფლებენ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს, პოლიცია გამოიყენებს ძალას.
ამ ეტაპზე (05:48) დასტურდება, რომ პარლამენტის შესასვლელებთან არა დემონსტრანტები, არამედ პოლიცია დგას. შესაბამისად, ძალის გამოყენების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერვე დაანონსებული ფაქტობრივი საფუძველიც კი არ არსებობს.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს უკანონოდ ძალა და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გაგრძელების კონსტიტუციური უფლება“, – წერია საიას განცხადებაში.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და დემონსტრანტებს და აქციის ორგანიზატორებს, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე გაათენეს ღამე, მოუწოდა, გაათავისუფლონ პარლამენტის შესასვლელები.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციის წინააღმდეგ მოქმედება პოლიციამ 13 მაისს, დილით, 06:10 საათზე დაიწყო. პოლიციამ აქციის მონაწილეებს თავდაპირველად აიძულა, დაეტოვებინა ჩიტაძის ქუჩა.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლების დაწყებამდე, პოლიციელმა რუპორით გამოაცხადა, რომ დემონსტრანტებს 5 წუთს აძლევდა ტერიტორიის დასატოვებლად.
პარლამენტის წინ განთავსებული სცენიდან, აქციის წამყვანმა ბექა ყორშიამ განაცხადა, რომ დემონსტრაცია არ დაიშლება და მას კიდევ შეუერთდებიან მოქალაქეები.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია – „გაათენე საქართველოსთვის“ – 12 მაისს, 21:00 საათიდან დაიწყო.
აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი არის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს „აგენტების კანონს“.