საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გრძელვადიანი საარჩევნო მისიის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 27 აგვისტოდან 30 სექტემბრის პერიოდს მოიცავს. ანგარიშში ფიზიკური ძალადობისა და სავარაუდო მოსყიდვის, ასევე, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით მოქალაქეების სამუშაო ადგილებიდან გათავისუფლებაზეა საუბარი.
ანგარიშის თანახმად, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის, განსაკუთრებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მისამართით, მადისკრედიტებელი კამპანია მიმდინარეობდა.
განცხადებაში ნახსენებია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებებიც, რომლის მიზანიც სამოქალაქო აქტივიზმისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფერხება იყო.
“საანგარიშო პერიოდშიც კვლავაც გრძელდებოდა ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანია, განსაკუთრებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რაც უარყოფითად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე. შენარჩუნებულია პოლარიზაცია და მისი თანმდევი გამოვლინებები.
განსაკუთრებით საგანგაშო იყო ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებები, კანონის არასწორი განმარტებით, თვითნებურად გაეფართოვებინა საკუთარი მანდატი და გაევრცელებინა არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ბიუროს მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხება და დისკრედიტაცია.
ასევე, საანგარიშო პერიოდში საიამ აღრიცხა:
წინასაარჩევნო კამპანიისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის დაბრკოლების შექმნის 2 ფაქტი.
ფიზიკური ძალადობის – 4, სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სხვისი ნივთის დაზიანების – 2 და სააგიტაციო მასალის დაზიანების 2 შემთხვევა. ასევე, თვითნებური დაკავების 1 ფაქტი.
მათ უმეტესობას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან არ მოჰყოლია მყისიერი და მიუკერძოებელი რეაგირება, რაც ეფექტიან გამოძიებასა და, საჭიროების შემთხვევაში, დამნაშავისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში უნდა გამოიხატებოდეს”, – წერია განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის მხრიდან, სავარუდოდ, მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა. მათი ინფორმაციით, სავარაუდო მოსყიდვის ერთი, ხოლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 ფაქტი გამოვლინდა, სადაც “ზოგ შემთხვევაში იშლებოდა ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რასაც მმართველი პარტია ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციისთვის იყენებდა”.
“საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების 3 შემთხვევა.
საიამ საანგარიშო პერიოდში უარყოფითად შეაფასა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2 გადაწყვეტილება. მათგან ერთი შეეხებოდა საარჩევნო პოლიტიკურ რეკლამაში სიძულვილის ენის გამოყენებას, ხოლო მეორე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პოლიტიკური რეკლამების სატელევიზიო სივრცეში განთავსების აკრძალვას. ორგანიზაციის აზრით პრობლემური იყო როგორც ნორმების ინტერპრეტაცია, ასევე ფაქტების გამოკვლევისას გამოვლენილი ზედაპირულობა”, – აღწერილია საიას განცხადებაში.
ასევე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სადამკირვებლო მისიის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის წერილებზე საჯარო უწყებების რეაგირებაზე მონიტორინგი მიმდინარეობს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მისიის განმავლობაში, ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის მისაღებად სხვადასხვა საჯარო უწყებას 148-ჯერ მიმართა. 43 შემთხვევაში ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია, ხოლო 23 წერილზე, მათი თქმით, პასუხი არასრულყოფილი იყო. ისინი აღნიშნავენ, რომ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა საიას სადამკვირვებლო მისიას აფერხებს და აქედან გამომდინარე, ისინი წინასაარჩევნო პროცესების ეფექტური მონიტორინგს ვერ უზრუნველყოფენ.
“აგრეთვე, 18 ოქტომბერს საია აკვირდებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა წილისყრის პროცედურებს თბილისსა და რეგიონებში. მნიშვნელოვანია, რომ წილისყრის პროცედურის გამართვის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციას ეცნობა 17 ოქტომბერს, 20:27 წუთზე, რამაც არსებითად გაართულა პროცესზე დაკვირვება. მიუხედავად მჭიდრო ვადებისა, საიამ შეძლო 20 უბანზე დაკვირვება, თუმცა ამ უბნებიდან დაახლოებით 30%-ზე წილისყრის პროცედურების ჩატარების ცესკოს მიერ მითითებულ დრომდე დაიწყო და ზოგ შემთხვევაში, დასრულდა კიდეც. შესაბამისად, ორგანიზაციას არ მიეცა პროცესზე ეფექტიანად დაკვირვების შესაძლებლობა.
საია, ასევე, ეხმიანება სხვადასხვა მედია-საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მოქალაქეებს შესაძლო საარჩევნო მიზნებისთვის ართმევენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. საიას შეფასებით, საარჩევნო პერიოდში აღნიშნული ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს არჩევნებში ნების განხორციელების ხელის შეშლას და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენას. საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, შეისწავლონ ეს შემთხვევები და განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები.
საია განუმარტვას მოქალაქეებს, რომ მათი ხმა ფარულია და პირადი მონაცემების აღირცხვის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია მათი არჩევანის იდენტიფიცირება კენჭისყრის დღეს”, – წერია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.