სათითაოდ ირჩეოდა ჩემი ფეისბუქ პოსტები – პატარაია „პირბადეების საქმეზე“ გამოჰკითხეს

ქალთა უფლებადაცვითი ორგანიზაციის, „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია 9 სექტემბერს სასამართლოში „პირბადეების საქმეზე“ გამოჰკითხეს.
მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ, ბაია პატარაია ამბობს, რომ ეს გამოკითხვა უბრალოდ დროის მოცდენა იყო.
„სათითაოდ ირჩეოდა ჩემი ფეისბუქ პოსტები. ისეთი პოსტები, როგორიც არის: „თავისუფლებამდე თუ გინდა მიხვიდე, რუსთაველი უნდა გაიარო“. რას გულისხმობთ ამაშიო, ასეთ რაღაცებს მეკითხებოდნენ. ჩემი აზრით, იყო ძალიან არასერიოზული და მგონია, რომ ეს არის პროკურატურის, სასამართლოს და ჩემი დროის მოცდენა. კითხვები იყო ძირითადად იმაზე, რომ რატომ ვწერ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს გაფიცვის უფლება აქვთ, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება აქვთ…
აინტერესებდათ „საფარის“ საქმიანობა. ძალიან დეტალურად მომაყოლეს, როგორი პროექტები გვაქვს, რას ვაკეთებთ, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და საიტზე ისედაც დევს, ვინმეს თუ აინტერესებს, შეუძლია გაეცნოს. ფინანსებზეც მკითხეს, რომელიც ახლა დაყადაღებული და გაყინულია. მე ვუთხარი, რომ თქვენ გაყინეთ და ყველაფერი ნანახი გაქვთ, ზუსტ ციფრებს ვერ გეტყვით და ისედაც იცით ყველაფერი-მეთქი.კარგიო, ხო, ვიცითო. დაკარგული საათნახევარი იყო და გამოკითხვა გინდ ჩატარებულიყო და გინდ არ ჩატარებულიყო, ამით აბსოლუტურად არაფერი შეიცვალა. ვერც მე მივიღე ვერანაირი ახალი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ვერც მათ“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.
27 აგვისტოს პროკურატურის მოთხოვნით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება პროკურატურამ „საბოტაჟის“ შესახებ გამოძიების ფარგლებში მოითხოვა. აღნიშნული გამოძიება პროკურატურაში ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“,
· „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
· „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“,
· „დემოკრატიის მცველების“ ,
· „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“,
· „საფარის“
· „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“.
პროკურატურის განცხადებით, ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება მოითხოვა, რადგან გაზაფხულის აქციების დროს, მათ აქციის მონაწილეებისთვის სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები შეიძინეს და ასევე, დახმარება გაუწიეს დაჯარიმებულ ადამიანებს ჯარიმის გადახდაში და დაკავებულ პირებსა და მათ ოჯახებს.
პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ შესყიდვის დოკუმენტები გამოაქვეყნა იმის “დასტურად”, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ანგარიშები დაუყადაღეს, „ძალადობრივ აქციებს ორგანიზებას და დაფინანსებას“ უწევდნენ.
27 აგვისტოს „იმედმა“ 5 არასამთავრობო ორგანიზაციის შესყიდვების დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციებზე სიუჟეტის ავტორის, სოფო ბერიძის განცხადებით, დოკუმენტები „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა“. საუბარია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შესყიდვებზე.
„იმედის“ ინფორმაციის თანახმად, ამ 5 ორგანიზაციამ აქციების დროს პირბადეებზე, რესპირატორებზე და სხვა დამცავ საშუალებებზე ჯამში, სულ დაახლოებით, 7 500 ლარი დახარჯა.
28 აგვისტოს „იმედმა“ „სამართლიანი ს“ (ISFED) წინააღმდეგ არსებული „მტკიცებულებებიც“ გამოაქვეყნა. „იმედის“ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ISFED-მა 2024 წლის 1 მაისს 18 რესპირატორის და 20 დამცავი სათვალე შეიძინა, რაშიც 1200 ლარზე მეტი გადაიხადა.
· “საბოტაჟი” 7500 ლარით? – “იმედმა” ყადაღადადებული ორგანიზაციების შესყიდვების დოკუმენტი გამოაქვეყნა